რუსეთი

შავი ზღვის თავზე რუსული თვითმფრინავი ამერიკულ სადაზვერვო დრონს აედევნა – რუსული მედია

Alexandr Ryumin/TACC

რუსული სამთავრობო მედია რუსეთის თავდაცვის ეროვნული კონტროლის ცენტრზე დაყრდნობით წერს, რომ Су-30-ის ტიპის რუსული საბრძოლო თვითმფრინავი MQ-9A Reaper-ის ტიპის ამერიკულ სადაზვერვო დრონს აედევნა. 

"2023 წლის 5 აგვისტოს რუსულმა სარადარო სისტემებმა შენიშნეს საჰაერო სამიზნე, რომელიც შავი ზღვის წყლების თავზე რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრებს უახლოვდებოდა.

საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფების Су-30-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი საჰაერო სამიზნის იდენტიფიცირებისა და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის თავიდან ასაცილებლად სამიზნეს აედევნა. რუსული გამანადგურებლის ეკიპაჟმა საჰაერო სამიზნის იდენტიფიცირება მოახდინა, როგორც MQ-9A Reaper-ის ტიპის სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც ეკუთვნის აშშ-ს საჰაერო ძალებს". - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის ეროვნული კონტროლის ცენტრში.

რუსული მედია წერს, რომ როგორც კი რუსული გამანადგურებელი უცხოურ სადაზვერვო თვითმფრინავს მიუახლოვდა, ამ უკანასკნელმა რუსეთის სახელმწიფო საზღვრიდან გადაუხვია. ამავე ინფორმაციით, რუსული თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაბრუნდა ავიაბაზაში, ხოლო რუსეთის საჰაერო სივრცეში არაავტორიზებული შეჭრა არ მომხდარა.

კომენტარები