დონალდ ტრამპი

ტრამპი: მივდივარ, რათა დამაპატიმრონ გაყალბებულ არჩევნებთან დაპირისპირების გამო

დონალდ ტრამპი ამბობს, რომ აშშ-ს დედაქალაქში მიდის, რათა დააპატიმრონ. ინფორმაციას BBC ავრცელებს. კერძოდ, ტრამპმა გამოაქვეყნა მესიჯი Truth Social-ზე, სოციალური მედიის პლატფორმაზე, რომელიც თავად მან შექმნა თეთრი სახლის დატოვების შემდეგ. 

"ახლა მივდივარ ვაშინგტონში, რათა დამაპატიმრონ კორუმპირებული, გაყალბებული და მოპარული არჩევნებთან დაპირისპირების გამო. ეს დიდი პატივია, რადგან მე თქვენთვის დამაკავეს. გახადეთ ამერიკა კვლავ დიდებული!!!" - დაწერა ტრამპმა.

ყოფილ პრეზიდენტს 1-ელ აგვისტოს გამოქვეყნებულ 45-გვერდიან საბრალდებო დასკვნაში, სპეციალურმა პროკურორმა ჯეკ სმიტმა ბრალი 4 მუხლით წარუდგინა, მათ შორის, შეთქმულება ამერიკის შეერთებული შტატების მოტყუებისთვის და შეთქმულება ოფიციალური პროცესის დაბრკოლებისთვის. საბრალდებო დასკვნის თანახმად, ტრამპს ბრალი ასევე ედება 2020 წლის არჩევნების არაღიარების შემდეგ 2021 წლის 6 იანვარს მისი მომხრეების კონგრესზე ძალადობრივი თავდასხმის ექსპლუატაციის მცდელობაში.

მას შემდეგ დისკურსი ამ თემის შესახებ აქტიურად მიმდინარეობს. ტრამპი, თავის მხრივ, ბრალს აშშ-ს მოქმედ პრეზიდენტს სდებს და თავს უსამართლობის მსხვერპლად მიიჩნევს.

ყოფილი პრეზიდენტის მიერ Truth პლატფორმაზე გამოქვეყნებულ საჯარო პოსტში ნათქვამია: "ბაიდენი და მისი ოჯახი იპარავენ მილიონობით დოლარს, მათ შორის იღებენ ქრთამს უცხო ქვეყნებიდან, და მე მივდივარ DC-ში, რათა დამაკავონ ცრუ არჩევნების გაპროტესტების გამო. უსამართლო ადგილი, უსამართლო მოსამართლე. ჩვენ ვართ დაკნინებაში მყოფი ერი."

კომენტარები