შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

ბოკერია NAEC-ზე: ეროვნული გამოცდების ცვლილებამ დარტყმა მიაყენა განათლების სისტემას

გიგა ბოკერია
ტაბულა

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების არაღსრულებას ეხმაურება და განათლების სისტემის ხარვეზებსა და მათი აღმოფხვრის საჭიროებაზე საუბრობს.  

"აქ ორი პრობლემაა: ერთი არის უტიფარი დემონსტრირება, რომ კანონის უზენაესობა არ არსებობს (თუკი რომელიმე ძლიერ ადმინისტრაციულ ორგანოს ეს ასე უნდა, სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დავემორჩილები - უმძიმესი ვითარებაა). მეორე არის ის, რომ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, იმ ცვლილებამ, რომელიც შეიტანეს ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემაში, კერძოდ, უნარების გამოცდის ამოღებამ, ძლიერი დარტყმა მიაყენა ამ სისტემას. ისედაც საჭირო იყო ამ სისტემის გაუმჯობესება: ვარდების რევოლუციის შემდეგ კორუფციის პრობლემა გადაიჭრა, მაგრამ ყოველთვის საჭიროა წინსვლა.

ჩვენ მივიჩნევთ, რომ ამ თემაზე მზად უნდა ვიყოთ სრულფასოვანი რეფორმისთვის, როდესაც პუტინისტური სულისკვეთების რეჟიმი იქნება დამარცხებული. სწორედ ამიტომ შევთავაზეთ საზოგადოებას ის ხედვა, რომლის შემუშავების პროცესშიც ვართ ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახალი რესპუბლიკის პროექტის ფარგლებში". - ამბობს გიგა ბოკერია.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა (NAEC) გამოცდის აღდგენასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარი თქვა. საქმე ეხება აბიტურიენტს, რომელიც ისტორიის გამოცდაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდა. 

PHR-ის (პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის) ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 28 ივლისს NAEC-ს დაავალა აბიტურიენტი ისტორიის დამატებით გამოცდაზე დაეშვა. თუმცა, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უარი განაცხადა - მათი ცნობით, ისტორიის დამატებითი გამოცდა 25 ივლისს უკვე ჩატარდა. PHR-ის განმარტებით, 25 ივლისს ჩატარდა გეგმიური დამატებითი გამოცდა, სასამართლო განჩინების შესაბამისად კი ცენტრმა, მათი განსაზღვრული გრაფიკის მიუხედავად, კიდევ უნდა ჩაატაროს დამატებითი სესია. 

მე-2 დღეა, NAEC-ის ხელმძღვანელის გადადგომის მოთხოვნით აბიტურიენტის დედა შიმშილობს. დღეს, 3 აგვისტოს აბიტურიენტმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს შსს-ში უჩივლა

კომენტარები