რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსულ გემს შავ ზღვაში საზღვაო დრონი თავს დაესხა – რუსული მედია

Ukrainska Pravda

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, უკრაინამ შავ ზღვაში რუსულ ხომალდზე საზღვაო დრონით თავდასხმა სცადა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული მედია, TASS ავრცელებს.

რუსული მხარის ინფორმაციით, შემთხვევა შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მოხდა. მათივე თქმით, დრონი განადგურდა.

მანამდე, 1-ელ აგვისტოს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შავ ზღვაში რუსულმა ხომალდებმა გაანადგურეს სამი უკრაინული საზღვაო დრონი, რომლებითაც მათზე თავდასხმას ცდილობდნენ.

"დღეს ღამით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სამი საზღვაო უპილოტო კატერით "სერგეი კოტოვისა" და "ვასილი ბიკოვის" საპატრულო გემებზე თავდასხმის მცდელობა ჰქონდათ". - წერს სამინისტრო.

რუსული მედიის ცნობით, შავი ზღვის ფლოტის ეს ორი ხომალდი გემებს სევასტოპოლიდან 340 კილომეტრში, შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში აკონტროლებს.

რუსეთის თავდაცვამ უკრაინელები სერგეი კოტოვზე დრონებით თავდასხმაში 25 ივლისსაც დაადანაშაულა.


შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს, რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, შეთანხმების დატოვების მიზეზად დაასახელა რუსეთის მიმართ აღებული ვალდებულებები შეუსრულებლობა. 

ამავდროულად, რუსეთის გადაწყვეტილება გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც რუსეთისა და ოკუპირებული ყირიმის მაკავშირებელ ხიდზე აფეთქება მოხდა. 17 ივლისს ქერჩის სრუტეზე გამავალ ხიდზე, რომელიც ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთის ფედერაციას აკავშირებს, აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ობიექტი დაზიანდა და გადაადგილება დროებით შეჩერდა. უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ეს უსაფრთხოების სამსახურისა და სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი სპეცოპერაცია იყო და იერიში საზღვაო დრონების გამოყენებით განახორციელეს. მსგავსი უპილოტო აპარატების გამოყენებაზე საუბრობდა რუსული მხარეც.

აფეთქებიდან რამდენიმე საათში, რუსეთმა დატოვა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც უკრაინული სავაჭრო ხომალდების გადაადგილების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. შეთანხმებას თურქეთი შუამავლობდა.

კომენტარები