რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: ხომალდ სერგეი კოტოვს თავს უპილოტო კატერებით დაესხნენ

ხომალდი სერგეი კოტოვი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საპატრულო ხომალდ სერგეი კოტოვს უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს ორი უპილოტო კატერით დაესხნენ.

რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა. როგორც სამინისტროში ირწმუნებიან, ხომალდმა თავდასხმის მოგერიება შეძლო, ორივე კატერი გაანადგურა და არაფერი დაზიანებულა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ხომალდი შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში იყო და საზღვაო მიმოსვლას აკონტროლებდა.

უკრაინას მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საზღვაო დრონები რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდებზე თავდასასხმელად წარსულშიც გამოიყენეს.

სერგეი კოტოვი რუსეთის ფლოტს 2022 წელს გადაეცა.

კომენტარები