რუსეთი

31 ივლისს რუსეთში ცეცხლის წაკიდება სამხედრო აღრიცხვის 10-ზე მეტი შენობისთვის სცადეს – მედია

RIA NOVOSTI

31 ივლისს რუსეთში ცეცხლის წაკიდება სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ათზე მეტი შენობისთვის სცადეს

სამხედრო კომისარიატებისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობები სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, სანქტ-პეტერბურგში, ყაზანში, ომსკსა და კალუგაში გამოვლინდა. ამის შესახებ ტელეგრამ-არხები Baza, Sota, Astra და ასევე Mediazona იუწყებიან. 31 ივლისისთვის რუსეთის მასშტაბით სულ ცეცხლის წაკიდების 12 ასეთი მცდელობის შესახებ გახდა ცნობილი.

Baza-ს ინფორმაციით, ყველა დაკავებული ამბობს, რომ ამის გაკეთება სატელეფონო საუბრის გზით თაღლითებმა აიძულეს. ამასთან, არცერთ დაკავებულს არ უსაუბრია პოლიტიკურ მოთხოვნებზე.

1-ელი აგვისტოს ღამით კოპეისკში ელიაბინსკის ლითონის კონსტრუქციების ქარხნის 54 წლის თანამშრომელმა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისს მოლოტოვის კოქტეილი ესროლა. ამასთან, ვერხნეურალსკსა და მოჟაისკში ადგილობრივი მცხოვრებლები სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისის ცეცხლის წაკიდების მცდელობისთვის დააკავეს. კალუგასა და ყაზანში 78 წლის და 62 წლის მოქალაქეებმა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისის ცეცხლის წაკიდება სცადეს. ვორონეჟის რაიონში კი ისტორიის მასწავლებელი მოლოტოვის კოქტეილით დააკავეს.

დაკავებულის მტკიცებით, თაღლითებმა თავი ცენტრალური ბანკის თანამშრომლებად გაასაღეს - ჯერ თქვეს, რომ მის სახელზე ცდილობდნენ სესხის აღებას, შემდეგ კი (ამჯერად სამართალდამცავებად თავის გასაღებით) დაარწმუნეს, რომ სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისისთვის, სადაც, სავარაუდოდ, თაღლითი იმალებოდა, ცეცხლი წაეკიდებინა. 

ანალოგიურ ვითარებაში, რამდენიმე დღით ადრე, ანექსირებულ ყირიმში რუსული ენის მასწავლებელი დააკავეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მან სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისის ცეცხლის წაკიდების მითითება გარკვეული "კურატორისგან" მიიღო. 

გარდა ამისა, აგინსკიში 17 წლის გოგონა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისის ცეცხლის წაკიდების მცდელობისთვის დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ტელეფონით უთხრეს, რომ სოფლის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი მუშაობს უკრაინის უშიშრობის სამსახურში და კიევს ომში მონაწილე აგინსკის მცხოვრებთა შესახებ მონაცემებს გადასცემს. 

Fontanka-ს ცნობით, სანქტ-პეტერბურგში ჩაიკოვსკის ქუჩაზე სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისის ცეცხლის წაკიდების მცდელობის შემდეგ სისხლის სამართლის საქმე სხვისი ქონების განზრახ დაზიანების ფაქტზეა აღძრული.

კომენტარები