რუსეთი

მოსკოვის სააპელაციო სასამართლომ კარა-მურზასთვის 25 წლით თავისუფლების აღკვეთა ძალაში დატოვა

მოსკოვის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა რუსი ოპოზიციონერის, ვლადიმირ კარა-მურზას სარჩელი და მისთვის აპრილში მისჯილი 25 წლით თავისუფლების აღკვეთა ძალაში დატოვა.

ვლადიმირ კარა-მურზა (უმცროსი) ცნობილი რუსი ოპოზიციონერია, ის აქტიურად აკრიტიკებს კრემლის პოლიტიკას და ვლადიმირ პუტინის წინააღმეგ გამართულ აქციებში მონაწილეობს. ის ორჯერ მოწამლეს - 2015 წლის მაისისა და 2017 წლის თებერვალში. მისი მოწამვლის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა.

კარა-მურზა მოსკოვის სასამართლომ 17 აპრილს სახელმწიფო ღალატში, არასასურველ ორგანიზაციასთან თანამშრომლობასა და რუსეთის არმიაზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დამნაშავედ ცნო და 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ყოფილი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი უკანასკნელია პუტინის იმ ოპონენტებიდან, რომლებიც დააკავეს ან იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ რუსეთი.

მოსამართლე, რომელმაც რუს ოპოზიციონერს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აშშ-ს მიერ სანქცირებულია

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს მიერ 2012 წლის მიღებული მაგნიცკის აქტით სერგეი პოპრიგოროვი სანქცირებულია, მოსამართლემ მაინც არ გაითვალისწინა ეს ფაქტი და არ დააკმაყოფილა ადვოკატების მოთხოვნა აცილებასთან დაკავშირებით.

კანადაშიც იმავე აქტით სანქცირებულია სერგეი პოპრიგოროვი სხვა 30 პირთან ერთად. 

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, ასევე, დაადასტურეს, რომ მათ უკვე დაუწესეს სანქცია მოსამართლეს ადამიანის უფლებების დარღვევებში მონაწილეობის გამო და დამატებით აღნიშნეს, რომ "განიხილება დამატებითი ზომებიც", რათა პასუხი აგოს იმ პირებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ კარა-მურზას დაკავებასა და არასათანადო მოპყრობაში.

კომენტარები