ვლადიმირ კარა-მურზა

რუს ოპოზიციონერ კარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ვლადიმირ კარა-მურზა
BBC

რუსი ოპოზიციონერი, ვლადიმირ კარა-მურზა მოსკოვის სასამართლომ სახელმწიფო ღალატში, არასასურველ ორგანიზაციასთან თანამშრომლობასა და რუსეთის არმიაზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დამნაშავედ ცნო და 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ყოფილი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი უკანასკნელია პუტინის იმ ოპონენტებიდან, რომლებიც დააკავეს ან იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ რუსეთი.

უკრაინაში ეგრეთ წოდებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" გაკრიტიკების გარდა, კარა-მურზა ასევე ღიად საუბრობდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ განსხვავებული აზრის ჩახშობის შესახებ.

ამასთან, დაცვის მხარე სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ამის შესახებ რუსულ სამთავრობო მედიას, TACC-ს კარა-მურზას ადვოკატი, მარია ეისმონტი ესაუბრა

"მიგვაჩნია, რომ ამ საქმის განხილვისას იყო არაერთი სერიოზული პროცედურული დარღვევა და ამიტომ ვასაჩივრებთ მას". - აღნიშნა მარია ეისმონტმა.


აქამდე რუსი ოპოზიციონერის, ვლადიმირ კარა-მურზას ადვოკატი, ვადიმ პროხოროვი აღნიშნავდა, რომ პოლიტიკოსს პოლინეიროპათია დაუდგინდა და ასეთი დიაგნოზით ის უნდა გაეთავისუფლებინათ. თუმცა, მისივე თქმით, დაცვის მხარეს არ მიუღია ექიმების მიერ დიაგნოზის დადასტურების შესაბამისი დოკუმენტები, რომლებიც სამედიცინო კვლევების შედეგად მიიღეს.

რუსი ოპოზიციონერი ვლადიმირ კარა-მურზა მოსკოვში 2022 წლის აპრილში დააკავეს. რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთმა ოპოზიციონერი კარა-მურზა უცხოელი ჯაშუშების სიაში შეიყვანა, რაც ნიშნავს, რომ ფინანსური ანგარიშგების მკაცრ კონტროლს დაექვემდებარება და ნამუშევრების სპეციალური იარლიყით გამოქვეყნება მოუწევს.

ამასთან ერთად, რუს ოპოზიციონერს ვლადიმირ კარა-მურზას რუსეთის არმიაზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ედავებიან. სსკ-ის 207-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მას სამიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

ვლადიმირ კარა-მურზა (უმცროსი) ცნობილი რუსი ოპოზიციონერია, ის აქტიურად აკრიტიკებს კრემლის პოლიტიკას და ვლადიმირ პუტინის წინააღმეგ გამართულ აქციებში მონაწილეობს. ის ორჯერ მოწამლეს - 2015 წლის მაისისა და 2017 წლის თებერვალში. მისი მოწამვლის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა.

კომენტარები