საქართველო-რუსეთი

ტერასა ჯგუფი: უძრავი ქონების გამოფენაში მონაწილეობას არ ვიღებთ, ლოგო უნებართვოდ გამოიყენეს

კომპანია ტერასა ჯგუფის განცხადებით, ბათუმში რუსეთის მოქალაქეებისთვის დაგეგმილ უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობას არ იღებენ და მათი სახელი და ლოგო უნებართვოდ გამოიყენეს.

"ტერასა ჯგუფი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ არ მონაწილეობს PEOPLE-REAL ESTATE-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში.

კომპანიის სახელი და ლოგო უნებართვოდ იქნა გამოყენებული.

კომპანიის ნებართვის გარეშე სახელისა და ლოგოს გამოყენება არის კანონდარღვევა, რასთან დაკავშირებითაც მიღებული იქნება შესაბამისი ზომები". - წერია განცხადებაში. 

ლოგოსა და სახელის უნებართვოდ გამოყენების შესახებ განცხადება გაავრცელეს არქიმ და გუმბათმაც.   

29-30 ივლისს ბათუმში რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა ჩატარდება. ინფორმაცია ღონისძიების ორგანიზატორის People Real-Estate-ის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

"საქართველო უცხოეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენისთვის უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს. თუმცა, როგორც ყველგან, წესები აქაც არის და გარკვეული საკითხები მოსაგვარებელია. ყველაფერში თავად გარკვევა არ გევალებათ. ჩვენ, უძრავი ქონების სააგენტო People-ის გუნდი, გიწვევთ პირველ გამოფენაზე, რომელიც ბათუმში საუკეთესო უძრავ ქონებას მიეძღვნება. აქ თქვენ მიიღებთ პასუხებს ყველა შესაძლო კითხვაზე, პირადად გაესაუბრებით ჩვენს წარმომადგენლებს და დარწმუნდებით, რომ ბათუმში თქვენი მოთხოვნების შესაბამისი სრულყოფილი ქონების პოვნა შესაძლებელია!" - წერია ვებგვერდზე.

ამავდროულად, სარეკლამო კამპანიის სახე კრემლის კარის მომღერალი, ირაკლი ფირცხალავაა, რომელიც ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, რომ გამოფენა-გაყიდვა მისი კონცერტით დაიხურება.

კომენტარები