საქართველო-რუსეთი

29-30 ივლისს ბათუმში რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა ჩატარდება

29-30 ივლისს ბათუმში რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა ჩატარდება. ინფორმაცია ღონისძიების ორგანიზატორის People Real-Estate-ის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

"საქართველო უცხოეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენისთვის უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს. თუმცა, როგორც ყველგან, წესები აქაც არის და გარკვეული საკითხები მოსაგვარებელია. ყველაფერში თავად გარკვევა არ გევალებათ. ჩვენ, უძრავი ქონების სააგენტო People-ის გუნდი, გიწვევთ პირველ გამოფენაზე, რომელიც ბათუმში საუკეთესო უძრავ ქონებას მიეძღვნება. აქ თქვენ მიიღებთ პასუხებს ყველა შესაძლო კითხვაზე, პირადად გაესაუბრებით ჩვენს წარმომადგენლებს და დარწმუნდებით, რომ ბათუმში თქვენი მოთხოვნების შესაბამისი სრულყოფილი ქონების პოვნა შესაძლებელია!" - წერია ვებგვერდზე.

ამავდროულად, სარეკლამო კამპანიის სახე კრემლის კარის მომღერალი, ირაკლი ფირცხალავაა, რომელიც ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, რომ გამოფენა-გაყიდვა მისი კონცერტით დაიხურება.

"ყველას სალამი! მე ირაკლი ფირცხალავა ვარ. 29-30 ივლისს გაიმართება ყველაზე გრანდიოზული Expo უძრავი ქონების სფეროში, საქართველოში. საიმედო მშენებელები, ექსკლუზიური უძრავი ქონება, დიდი ფასდაკლებები შენაძენზე და პრიზების გათამაშება, უნიკალური საინვესტიციო შეთავაზებები და რაღა თქმა უნდა, ჩემი კონცერტი". - ამბობს ფირცხალავა.

ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობას ადგილობრივი სამშენებლო კომპანიები: გუმბათი ჯგუფი, მეტრო სითი ბათუმი, ტერასა ჯგუფი, დრიმლენდ ოაზის ჩაქვი, გრინ კაფე ბათუმი და სხვები მიიღებენ.

კომენტარები