საქართველო-რუსეთი

არქი: უძრავი ქონების გამოფენაში მონაწილეობას არ ვიღებთ, ლოგო დაუკითხავად გამოიყენეს

სამშენებლო კომპანია არქის განცხადებით, ბათუმში რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობას არ იღებენ და მათი ლოგო დაუკითხავად გამოიყენეს.  

"გაცნობებთ, რომ არქი არ იღებს მონაწილეობას ბათუმში გამართულ People - Real Estate-ის გამოფენაში.

არქის ლოგოს გამოყენება მოხდა კომპანიის დაუკითხავად, რაზეც დაუყოვნებლივ მივმართეთ ღონისძიების ორგანიზატორებს და მკაცრად მოვთხოვეთ ინფორმაციის დაკორექტირება. მოცემული მომენტისთვის ვებ გვერდზე უკვე დაკორექტირებულია ინფორმაცია.

ყველა ორგანიზაციასა თუ ფიზიკურ პირს ვთხოვთ, გაითვალისწინონ, რომ კომპანიის სასაქონლო ნიშნის ნებართვის გარეშე გამოყენება კანონდარღვევაა". - წერია განცხადებაში. 

29-30 ივლისს ბათუმში რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა ჩატარდება. ინფორმაცია ღონისძიების ორგანიზატორის People Real-Estate-ის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

"საქართველო უცხოეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენისთვის უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს. თუმცა, როგორც ყველგან, წესები აქაც არის და გარკვეული საკითხები მოსაგვარებელია. ყველაფერში თავად გარკვევა არ გევალებათ. ჩვენ, უძრავი ქონების სააგენტო People-ის გუნდი, გიწვევთ პირველ გამოფენაზე, რომელიც ბათუმში საუკეთესო უძრავ ქონებას მიეძღვნება. აქ თქვენ მიიღებთ პასუხებს ყველა შესაძლო კითხვაზე, პირადად გაესაუბრებით ჩვენს წარმომადგენლებს და დარწმუნდებით, რომ ბათუმში თქვენი მოთხოვნების შესაბამისი სრულყოფილი ქონების პოვნა შესაძლებელია!" - წერია ვებგვერდზე.

ამავდროულად, სარეკლამო კამპანიის სახე კრემლის კარის მომღერალი, ირაკლი ფირცხალავაა, რომელიც ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, რომ გამოფენა-გაყიდვა მისი კონცერტით დაიხურება.

 

კომენტარები