ბარბენჰაიმერი

ბარბენჰაიმერი – პირველი შეფასებები და კინოგაქირავების შედეგები

20 ივლისს ზაფხულის კინოგაქირავებაში კრისტოფერ ნოლანის ოპენჰაიმერი და გრეტა გერვიგის ბარბი გამოვიდა. ჯერ კიდევ გამოსვლამდე ონლაინ სივრცეში კინომოყვარულებმა მეგობრულ დაპირისპირებას დაუდეს საფუძველი, რომელიც ინტერნეტის ისტორიაში ბარბენჰაიმერის სახელით დამკვიდრდა. 

წარმოგიდგენთ ბარბენჰაიმერის კინოგაქირავების შედეგებს და პირველ შეფასებებს.

კინოგაქირავება

ერთი კვირის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ორივე ფილმი კინოგაქირავებაში ძალიან წარმატებულია. ბარბიმაც და ოპენჰაიმერმაც საკუთარი თავი უკვე გამოისყიდა.

ამ დროისთვის კინოგაქირავების ლიდერი ბარბია, გერვიგის სურათმა ჯამში 400 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, აქედან 200 მილიონი აშშ-სა და კანადის ტერიტორიაზე. დიდი ალბათობით ბლოკბასტერი მილიარდიან ნიშნულს მიუახლოვდება. Warner Bros.-ს ფილმის გადაღება 145 მილიონი დოლარი დაუჯდა.

რაც შეეხება ოპენჰაიმერს ბიოგრაფიულმა დრამამ ერთ კვირაში 238 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, აქედან 131 მილიონი აშშ-სა და კანადის ტერიტორიაზე. Universal Pictures-ს სურათის გადაღება 100 მილიონი დოლარი დაუჯდა.

კინოკრიტიკოსების შეფასებები

ოპენჰაიმერი

"ოპენჰაიმერმა გამაოცა: პერსონაჟის კვლევა აყვანილი გრანდიოზულ მასშტაბში, რომელსაც კილიან მერფი ბრწყინვალედ ასახიერებს. გამორჩეულად ნოლანისეული მგრძნობელობით გადაღებული ეპიკური ისტორიული დრამა: დაძაბულობა, სტრუქტურა, მასშტაბის შეგრძნება, გასაოცარი ხმის დიზაინი, შესანიშნავი ვიზუალური ეფექტები". – წერს Total Film-ის კრიტიკოსი მეთ მეიტუმი.

"ოპენჰაიმერი კრისტოფერ ნოლანის უდიდესი გამარჯვებაა. ნამდვილი, ლაკონური ადაპტაცია, გონებამახვილი მონათხრობი და კილიან მერფის ოსტატური თამაში. აღსანიშნავია სხვა მსახიობების თამაშიც, როგორც დიდ, ისე მეორეხარისხოვან როლებში". – წერს ლინდსი ბარი, Associated Press-ის მიმომხილველი.

"სრულიად გადამყლაპა ოპენჰაიმერმა, მკვრივმა, ხმოვანმა, დაძაბულმა ფილმმა, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ არის ატომური ბომბის შესახებ, ძირითადი მესიჯი კი ის არის, რომ განწირულები ვართ. უბედნიერესი ზაფხულია! მერფი ძალიან კარგია, ისევე როგორც რობერტ დაუნი ჯუნიორი და მეტ დეიმონი. მამაცი, რთული ფილმი, რომელიც აუდიტორიას შეძრავს". – წერს Sunday Times-ის ჟურნალისტი ჯონათან დინი.

ბარბი

"წლის ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო კომედია, გასაოცრად უცნაური თავგადასავალი, რომლის ყოველი მომდევნო სცენა წინაზე უფრო უცნაურია. ბარბი ყოველთვის ახერხებდა ბევრი ადამიანის შეკრებას, იგივე შეიძლება ითქვას გრეტა გერვიგის მესამე სრულმეტრაჟიან ნამუშევარზეც". – წერს გამოცემა Collider.

"გერვიგის ბრწყინვალე, მდიდარი და უცნაური ნამუშევარი, რომელიც ბარბის თოჯინების სამყაროსა და მისი რთული მემკვიდრეობის პაროდიაა. შთამბეჭდავია, თავისი გამჭრიახი და ზუსტი დრამებით სახელგანთქმული რეჟისორი, როგორ ახერხებს ე.წ. კორპორატიული ფილმის გადაღებას". – ვკითხულობთ The Hollywood Reporter-ის შეფასებას.

"კეთილი და ამავდროულად თვითმყოფადი ფილმი, რომლის კომიკურობას სწორედ მისი თვითმყოფადობას განსაზღვრავს. ხშირად სასაცილო, ზოგჯერ ძალიან სასაცილო, ხანდახან კი საოცრად თავმდაბალი და გულწრფელად თვითირონიული". – წერს გამოცემა The Guardian.

ციფრებითა და შეფასებებით თუ ვიმსჯელებთ, ზაფხულში გამოსულმა ბარბენჰაიმერმა, როგორც მაყურებელი, ისე კინოკრიტიკოსები დააკმაყოფილა.

ბარბისა და ოპენჰაიმერის დიდ ეკრანზე ხილვა საქართველოს კინოთეატრებშია შესაძლებელი.

კომენტარები