რუსეთი

ნავალნი: იგორ სტრელკოვი პოლიტიკური პატიმარია

პატიმრობაში მყოფმა რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ რამდენიმე დღის წინ დაკავებულ რუს ულტრანაციონალისტ იგორ გირკინს (სტრელკოვი) პოლიტპატიმარი უწოდა.

ნავალნის განცხადება მის სოციალურ ქსელებზე გამოაქვეყნეს.

"იგორ სტრელკოვი უკანონოდაა დაკავებული. მანამ, სანამ ის ზედამხედველობის ქვეშ რჩება ამ უაზრო და ცალსახად პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდების საფუძველზე, ის არის პოლიტიკური პატიმარი". – წერია ნავალნის განცხადებაში. 

ნავალნის თქმით, რუსეთი გირკინს 2014 წლის ივლისში მალაიზიური ავიახაზების სამოქალაქო რეისი MH17-ის ჩამოგდებისთვის უნდა ასამართლებდეს და არა "გამოგონილი საქმისთვის". მისი თქმით ულტრანაციონალისტი რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუსა და პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის კრიტიკის გამო დააკავეს.

"ახლა სტრელკოვი დაკავებულია არა ნამდვილი დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, არამედ ექსტრემიზმთან დაკავშირებულ ფიქციურ და გაყალბებულ საქმეზე. მარტივად რომ ვთქვათ, ხელისუფლების, კონკრეტულად შოიგუსა და პუტინის კრიტიკისთვის". – წერს ნავალნი.

იგორ გირკინი 21 ივლისს ექსტრემიზმისკენ მოწოდების ბრალდებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს. საქმის განხილვამდე, 18 სექტემბრამდე რუსი ულტრანაციონალისტი წინასწარ პატიმრობაში დარჩება. გირკინი, გულის დაავადების საფუძველზე, შინაპატიმრობას ითხოვდა. მას 5-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

2022 წლის ნოემბერში ნიდერლანდების სასამართლომ იგორ გირკინს სამუდამო პატიმრობა, მალაიზიის ავიახაზების სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო, დაუსწრებლად მიუსაჯა. რეისი MH17-ის ჩამოვარდნას ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი - 298 ადამიანი ემსხვერპლა.

2017 წელს ნავალნიმ და სტრელკოვმა დებატები გამართეს.

კომენტარები