რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

WP: აშშ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდებას არ ჩქარობს

HIMARS-ის სისტემა და ATACMS-ის რაკეტები.
Mariusz Burcz

The Washington Post-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ამერიკელი კანონმდებლების ზეწოლისა და კიევის თხოვნის მიუხედავად, ჯერჯერობით უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდების წინააღმდეგია.

აქამდე, ივნისის ბოლოს the Wall Street Journal-ი ევროპელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ უკრაინისთვის ATACMS-ების გადაცემის დამტკიცებასთან ახლოს იყო.

მაშინ გამოცემა წერდა, რომ ბოლო კვირებში განვითარებული მოვლენების, მათ შორის რუსეთში ვაგნერის მიერ მოწყობილი სამხედრო არეულობის შემდეგ, ამერიკელმა და ევროპელმა მაღალჩინოსნებმა აღიარეს, რომ გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმის დრო დადგა და უკრაინის საბრძოლო შესაძლებლობების გაძლიერების აუცილებლობა დაინახეს თეთრ სახლშიც.

თუმცა, WP ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, რომლებმაც გამოცემას კომენტარი ანონიმურობის დაცვით მისცეს, გვამცნობს, რომ ადმინისტრაციის მოსაზრება არ შეცვლილა და საკითხი არსებითად უკვე თვეებია არ განხილულა.

პენტაგონში სჯერათ, რომ ATACMS-ები არ არის ის რაც უკრაინის არმიას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება და შორ მანძილზე მოქმედი ამ რაკეტების გადაცემის აუცილებლობა საფრანგეთისა და ბრიტანეთის მიერ კიევისთვის Storm Shadow-სა და SCALP-ის ტიპის რაკეტების მიწოდების შემდეგ კიდევ უფრო შემცირდა.

ამერიკელი მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი პრობლემა არა ფრონტის ხაზის უკან 100-ობით კილომეტრში მდებარე ობიექტები, არამედ უშუალოდ ფრონტის ხაზზე განთავსებული ნაღმებია, რაც კონტრშეტევას მნიშვნელოვნად აფერხებს.

ATACMS-ის თითოეული რაკეტა 2 ტონას იწონის. მათი სიგრძე დაახლოებით 4 მეტრი, დიამეტრი კი დაახლოებით 60 სანტიმეტრია. ერთი რაკეტა $1.5 მილიონი ღირს. ATACMS-ების გადაცემის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი აშშ-ს არმიაში მათი სიმცირეა. შეიარაღების ზუსტი რაოდენობა უცნობია. იარაღს აწარმოებს კომპანია Lockheed Martin-ი, რომლის ქარხანამაც 2018 წლიდან დაახლოებით 4 000 ერთეული გამოუშვა. ახლა ყოველწლიურად 500 რაკეტა მზადდება და ყველა საზღვარგარეთ გასაყიდადაა გამიზნული.

კომენტარები