გორილა

ოჰაიოს ზოოპარკში იმშობიარა გორილამ, რომელიც მამრი ეგონათ

სალი და მისი ნაშიერი
COLUMBUS ZOO/TWITTER

აშშ-ს ოჰაიოს შტატში, კოლუმბუსის ზოოპარკში გორილამ, რომელიც მომვლელებს 4 წლის განმავლობაში მამრი ეგონათ, ნაშიერი გააჩინა.

ზოოპარკის ცნობით, გორილა, სახელად სალი, ჯანმრთელ ახალშობილთან ერთად 20 ივლისს იპოვეს. მომვლელების თქმით, სალის ყოველთვის კარგი ჯანმრთელობა ჰქონდა და სამედიცინო შემოწმება არასდროს დასჭირვებია, რის გამოც მისი სქესი შეეშალათ.

მათივე თქმით, პატარა გორილას დაბადება "მოულოდნელი, მაგრამ ამაღელვებელი" იყო, რადგან გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ამ სახეობისთვის თითოეული ახალი ინდივიდი უმნიშვნელოვანესი შენაძენია.

რვა წლის სალი სქესობრივად უკვე მომწიფებულია, თუმცა რომელიმე სქესისთვის დამახასიათებელი ნიშნების გამოვლენისთვის ჯერ მაინც ახალგაზრდაა.

სწორედ რვა წლამდე ორივე სქესის გორილები დაახლოებით ერთნაირი ზომის არიან და სასქესო ორგანოები გამოკვეთილი არ აქვთ. მაგალითად, მამრ გორილებს მათთვის დამახასიათებელი გამორჩეული ნიშანი, ვერცხლისფერი ზურგი 12 წლიდან უვითარდებათ.

დიდი მუცლის გამო პრიმატების ამ სახეობაში ორსულობის ნიშნების შემჩნევაც რთულია.

ზოოპარკი იმის გასარკვევად, თუ ვინ არის ახალშობილის მამა, იქ მცხოვრებ მამრ გორილებს, 39 წლის მაკს, 10 წლის კამოლის და 6 წლის ჯეიჯეის დნმ ტესტს ჩაუტარებს.

სალისთან დაკავშირებული გაუგებრობის მიუხედავად, მომვლელები დარწმუნებულები არიან, რომ ახალშობილი გოგოა.

1956 წელს კოლუმბუსის ზოოპარკი გახდა მსოფლიოში პირველი ზოოპარკი, სადაც გორილა დაიბადა.

კომენტარები