ოპოზიციური ერთიანობა

საქართველოსთვის: 2024 წლის არჩევნებისთვის არცერთ პარტიასთან არ გავერთიანდებით

გიორგი გახარია

გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის არცერთ სხვა პოლიტიკურ სუბიექტთან არ გაერთიანდება. ამის შესახებ განცხადება პარტიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"ჩვენი გუნდი 2024 წლის არჩევნებისთვის არცერთ პარტიასთან არ გაერთიანდება. წერტილი". - წერს პარტია საქართველოსთვის Facebook-ის გვერდზე.


ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და სტრატეგია აღმაშენებელმა პოლიტიკურ ალიანსი შექმნეს. გიორგი ვაშაძემ და ლევან ხაბეიშვილმა "გამარჯვების პლატფორმა" დააფუძნეს. 

ლევან ხაბეიშვილმა სხვა პარტიებსაც მოუწოდა, პლაფტორმას შემოურთდნენ და ამასთან დასძინა, რომ თუ ენმ-სთან ერთად არ შეუერთდებიან ამ ინიციატივას, მაშინ "თავად გააკეთონ და აჩვენონ საზოგადოებას თანამშრომლობის მაგალითი". 

პოლიტიკური გაერთიანების შექმნის იდეას სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები და წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. მანამდე, დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ "ოპტიმალურ საარჩევნო კონფიგურაციაში ვაშაძე თავის თავს ხედავს ენმ-სთან, დროა კი - არა". 

გირჩი-მეტი თავისუფლების ერთ-ერთმა ლიდერმა ცოტნე კობერიძემ კი აღნიშნა, რომ მისი პარტია ენმ-სთან საერთო საარჩევნო სუბიექტად ყოფნას არ აპირებს. "სავარაუდოდ გვექნება საუბარი ლელოსთან და სხვა პროდასავლურ პარტიებთან".-თქვა კობერიძემ. 

პარტია ლელოს გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ ლელო ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნას აპირებს, სადაც ნაციონალური მოძრაობის ადგილი არ იქნება.

კომენტარები