გერმანია

ბერლინში დაკარგული "ძუ ლომი" შესაძლოა გარეული ტახი იყოს – ბერლინის პოლიცია

Fabian Sommer/dpa/picture alliance

ბერლინში დაკარგული გარეული ცხოველი, რომელიც ძუ ლომი ეგონათ, შესაძლოა გარეული ტახი იყოს. 21 ივლისს ბერლინის პოლიციის თქმით, ბერლინში ვერ იპოვეს ლომის ან დიდი მტაცებლის ნიშნები. 

ვიდეო მტკიცებულება, სადაც თითქოს ძუ ლომი იყო გამოსახული, ორმა ექსპერტმა გაანალიზა. ექსპერტების აზრით, შესაძლებელია ვიდეოზე აღბეჭდილი ცხოველი გარეული ტახი იყოს. 

"ყველაფერი მიუთითებს, რომ ის არაა ძუ ლომი". – თქვა მაიკლ გრუბერტმა, ქალაქ კლაინმანხნოვის მერმა, სადაც უცნობი გარეული ცხოველი პირველად შენიშნეს. 

კლაინმანხნოვის და ბრანდერბურგის პოლიციამ გარეულ ცხოველზე ძებნა შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ძუ ლომი არ გადაადგილდებოდა. 

გერმანიის დედაქალაქთან ახლოს ათასობით გარეული ტახი ბინადრობს. 2020 წელს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანდა, თუ როგორ მოპარა ლეპტოპი გარეულმა ტახმა შიშველ პირს, რომელიც ტბის სიახლოვეს ირუჯებოდა. 

19 ივლისიდან ბერლინის სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში გერმანული პოლიცია გარეულ ცხოველს ეძებდა. სამართალდამცველებს ლომის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე მოქალაქემ, მათ შორის, პოლიციის ოფიცერმა მიაწოდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ დაინახეს დიდი ზომის კატისებრი ცხოველი, რომელიც სავარაუდოდ, ლომი იყო.

ამავდროულად, Twitter-ზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც, სავარაუდოდ, კლაინმახნოვის ტყეში ლომი ჩანდა. პოლიციის ვერსიით, ჩანაწერი ავთენტურია. სამართალდამცველები მოქალაქეებს ცხოველის პოვნამდე, სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

კომენტარები