იუსტიციის სამინისტრო

ბრეგაძე პოლონეთის საგარეოზე: ვერ ვიხილეთ ბოდიშის ან, მინიმუმ, წუხილის გამომხატველი სიტყვები

რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ ერთი სიტყვაც კი არ არის მასში ბოდიშის ან, მინიმუმ, წუხილის გამომხატველი. ამის შესახებ მინისტრმა იმედის ეთერში ისაუბრა. 

"სიმართლე გითხრათ, ჩვენ ველოდით უფრო მეტს და, რბილად რომ ვთქვათ, ამ განცხადების შინაარსს არ ვეთანხმებით, რადგან მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია პოლონელი ექიმის სრულიად გაუგებარი ქცევის გამო, მაგრამ ჩვენ ამ განცხადებაში ვერ ვიხილეთ ვერცერთი სიტყვა, რომელიც იქნებოდა ბოდიშის ან, მინიმუმ, წუხილის გამოხატვის შემცველი. ეს იყო უკმაყოფილების გამომხატველი სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ, რომელმაც გაასაჯაროვა კადრები, და აქ საუბარია იმ კადრებზე, სადაც ჩანს მხოლოდ და მხოლოდ არალეგალურად მოპოვებული ნიმუშის და შემდგომ მისი ფეხსაცმლით გადატანის მცდელობის ამსახველი ფაქტი".- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრმა პოლონელ ექიმებთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი სრულიად არაეთიკური ქცევის გამო მათთან თანამშრომლობა აღარ გაგრძელდება, თუმცა, პატიმარ სააკაშვილის ოჯახს  მათთვის სასურველი ნებისმიერი უცხოელი ექიმების ჩამოყვანის შესაძლებლობა კვლავ მიეცემა.

"ჩვენ შეგნებულად ვიკავებდით თავს სიტუაციის შემდგომი გამწვავებისგან, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის პასუხები არ იყო დამაკმაყოფილებელი, ჩვენ მივეცით ექიმებს საკუთარი პოზიციის ცხადად დაფიქსირების შესაძლებლობა და გამომდინარე იქიდან, რომ მათ ეს შესაძლებლობა არ გამოიყენეს, რა თქმა უნდა დავფიქრდებით შემდგომ სამართლებრივ რეაგირებაზე".-აღნიშნა ბრეგაძემ. 

19 ივლისს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ექიმების ჯგუფის მიერ ექპსრეზიდენტ მიხეილ სააკშვილის მონახულებისას მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და მას "გაუთვალისწინებელი" უწოდა. ამასთან, საგარეო უწყებამ აღნიშნა, რომ სახელმწიფო უწყებების მიერ პოლონელი ექიმის ჩხრეკის ვიდეოს გამოქვეყნება ეწინააღმდეგება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს.

უწყებამ ასევე დასძინა, რომ არც ინციდენტი და არც საქართველოს ხელისუფლების მიერ მისი გამოაშკარავება გავლენას არ მოახდენს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის და ქართველი ექიმების საქმიანობის შეფასებაზე და არც გამოკვლევების შედეგების გაანალიზების პროცესზე.

14 ივლისს კლინიკა ვივამედში პოლონელი ექიმების ჯგუფის მიერ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა სააკაშვილისგან აღებული ნიმუში ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლით მის მალულად გატანას შეეცადა.

17 ივლისს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, მარიუშ პიეტრ ჟაკი დაიბარეს.

 

კომენტარები