მიხეილ სააკაშვილი

საგარეო: პოლონელი დიპლომატის თქმით, არ არის ინფორმირებული, რამ გამოიწვია ექიმის საქციელი

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, მარიუშ პიეტრ ჟაკთან შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დააფიქსირა შეშფოთება პოლონელ მედიკოსთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, "რა დროსაც ერთ-ერთმა ექიმმა სცადა მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის სამედიცინო სინჯის პროცედურის დარღვევით გამოტანა კლინიკიდან".

"პოლონელ დიპლომატს კიდევ ერთხელ განემარტა, რომ სახელმწიფო დაინტერესებულია საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. შესაბამისად, არაერთხელ გამოხატა მზადყოფნა ოჯახის სურვილის შემთხვევაში კლინიკაში უცხოელი ექიმების დაშვების თაობაზე, რისი დასტურიცაა პოლონელი ექიმების ვიზიტი მსჯავრდებულ სააკაშვილთან ოჯახის შუამდგომლობითა და პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით, მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებით მსჯავრდებულ სააკაშვილს უარი ეთქვა პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე". – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გაუსვა ხაზი, რომ პოლონელ მედიკოსთა მისიაში შემავალი ერთ-ერთი ექიმის საქციელი იწვევს გაუგებრობას, შეშფოთებას და ასევე სანდოობას უკარგავს მთელს პროცესს.

"საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონელ დიპლომატს ეთხოვა მომხდარზე პოზიციის დაფიქსირება. შეხვედრაზე პოლონელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ იგი არ არის ინფორმირებული თუ რამ გამოიწვია პოლონელი ექიმის მსგავსი საქციელი". – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

14 ივლისს კლინიკა ვივამედში პოლონელი ექიმების ჯგუფის მიერ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა სააკაშვილისგან აღებული ნიმუში ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლით მის მალულად გატანას შეეცადა.

უწყებამ ვიდეომასალაც გაავრცელა:

კომენტარები