მიხეილ სააკაშვილი

პოლონეთი ექიმზე: განუზრახველი იყო, ვიდეოს გამოქვეყნება ეწინააღმდეგება თანამშრომლობას

კადრი ვიდეოდან / პენიტენციური სამსახური

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ექიმების ჯგუფსი მიერ ექპსრეზიდენტ მიხეილ სააკშვილის მონახულებისას მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და მას "გაუთვალისწინებელს" უწოდებს. ამასთან, საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ სახელმწიფო უწყებების მიერ პოლონელი ექიმის ჩხრეკის ვიდეოს გამოქვეყნება ეწინააღმდეგება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს.

"თბილისში, ვივამედის კლინიკაში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის დროს, რომლის მიზანი იყო ყოფილი პრეზიდენტის დახმარება, მოხდა შეთანხმებასთან შეუსაბამო, განუზრახველი და გაუთვალისწინებელი ინციდენტი, რაც დაუყოვნებლივ გაირკვა ადგილზევე და შემდეგ განიმარტა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას. ამ კონტექსტში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური პენიტენციალური სამსახურის გადაწყვეტილება, გამოაქვეყნოს პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერი და საქართველოს სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლების არაერთი ემოციური განცხადება ეწინააღმდეგება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს". – ნათქვამია განცხადებაში.

პოლონეთის საგარეო აღნიშნავს, რომ არც ინციდენტი და არც საქართველოს ხელისუფლების მიერ მისი გამოაშკარავება გავლენას არ მოახდენს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის და ქართველი ექიმების საქმიანობის შეფასებაზე და არც გამოკვლევების შედეგების გაანალიზების პროცესზე.

"პოლონური მხარე იმედოვნებს ქართველ პარტნიორებთან თანამშრომლობის უცვლელად გაგრძელებას და გამოთქვამს მზადყოფნას შემდგომი ქმედებებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ქართველი პარტნიორებისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დახმარებას". – ნათქვამია განცხადებაში.

14 ივლისს კლინიკა ვივამედში პოლონელი ექიმების ჯგუფის მიერ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა სააკაშვილისგან აღებული ნიმუში ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლით მის მალულად გატანას შეეცადა.

17 ივლისს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, მარიუშ პიეტრ ჟაკი დაიბარეს.

კომენტარები