ტაილანდი

ტაილანდის პრემიერობის კანდიდატს კენჭისყრამდე სასამართლომ კანონმდებლის სტატუსი შეუჩერა

წინსვლის პარტიის ლიდერი, პიტა ლიმჯაროენრატი ესწრება პრემიერმინისტრობაზე მისი კანდიდატურის მეორედ კენჭისყრისთვის გამართულ სესიას. 2023 წლის 19 ივლისი
REUTERS/Chalinee Thirasupa

ტაილანდის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის პრემიერმინისტრობის კანდიდატს, პიტა ლიმჯაროენრატს, პარლამენტში მისი კანდიდატურის კენჭისყრის წინ კანონმდებლის სტატუსი დროებით შეუჩერა.

სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მოჰყვა პიტას წინააღმდეგ მიმდინარე ორი საქმიდან ერთ-ერთის განხილვას, რომლის მიხედვითაც 14 მაისს ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვებული წინსვლის პარტიის ლიდერი საარჩევნო კანონების დარღვევით მედია კომპანიის წილებს ფლობდა, რის გამოც არჩევნებში მონაწილეობა არ შეეძლო. ლიმჯაროენრატს გადაწყვეტილებაზე რეაგირებისთვის 15 დღე აქვს.

საქმის მიმდინარეობისას პიტა ამტკიცებდა, რომ iTV-ის წილების ფლობით მას კანონი არ დაურღვევია, რადგან კომპანია მასმედიაში უკვე წლებია არ ოპერირებს.

პიტას კანდიდატურისთვის ხმის მიცემა ტაილანდის პარლამენტში პირველად გასულ კვირაში გაიმართა, თუმცა პრემიერმინისტრის პოსტის დასაკავებლად საჭირო, ორპალატიანი საკანონმდებლო ორგანოს წევრთა ნახევარზე მეტის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, რის გამოც დამატებითი კენჭისყრა დღეს, 19 ივლისს, სავარაუდოდ ბოლოჯერ გაიმართება.

პიტას წინსვლის პარტიის პროგრესული ხედვების ოპონენტების, მათ შორის სენატის წევრი მონარქისტი სამხედროების წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევს.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ გაჩნდა კითხვა, საერთოდ აქვს თუ არა პიტას კვლავ უფლება პრემიერმინისტრობაზე იყაროს კენჭი, მით უმეტეს, რომ პირველი კენჭისყრის შემდეგ მისი ოპონენტები მეორე ხმის მიცემის გამართვის მოწინააღმდეგეები ისედაც იყვნენ და ამბობდნენ, რომ პიტას კანდიდატურა უკვე უარყვეს.

წინსვლის პარტიის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებას პროცესებზე გავლენა ვერ ექნება და "კანონის მიხედვით, პიტა პრემიერმინისტრობის კანდიდატად რჩება".

18 ივლისს Reuters-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ლიმჯაროენრატმა თქვა, რომ მის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები "წინასწარ დაგეგმილია" და მონარქისტი სამხედროები მისი "გატეხილი ფირფიტასავით" გადაგდების მცდელობაში დაადანაშაულა.

არჩევნებში წინსვლის პარტიის დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ ტაილანდს უკვე 65-ე დღეა მთავრობა არ ჰყავს და ქვეყანას მოვალეობის შემსრულებელი ადმინისტრაცია მართავს.


14 მაისს ჩატარებული არჩევნების შედეგებით, წინსვლის პარტიამ პირველი ადგილი დაიკავა და წარმომადგენელთა პალატის 500 ადგილიდან 152 მოიპოვა. როგორც გამარჯვებულმა, წინსვლის პარტიამ მომავალ პრემიერმინისტრად საკუთარი ლიდერი, პიტა ლიმჯაროენრატი დაასახელა.

პიტას პარტიამ კოალიციური მთავრობის შექმნის იმედით, შვიდ პარტიასთან ერთად საერთო პლატფორმის შექმნასთან დაკავშირებულ შეთანხმებას მოაწერა ხელი.

23-პუნქტიან შეთანხმებაში შენარჩუნებულია იმ პოლიტიკური დღის წესრიგის ძირითადი ნაწილი, რომელმაც წინსვლის პარტიას 14 მაისს გამარჯვება მოუტანა, თუმცა დოკუმენტში გარკვეულ საკამათო საკითხებს გვერდი აუარეს. მაგალითად, ყველაზე სადავო საკითხი, რომელიც მონარქიის კრიტიკის წინააღმდეგ მიმართულ მკაცრ კანონში შესწორებებს მოიაზრებს, შეთანხმების დოკუმენტში ნახსენებიც არ არის.

ცვლილებებისთვის ამომრჩეველთა განწყობის კიდევ ერთი გამომხატველი არმიის დიდი ხნის მეტოქე ოპოზიციური ფეუ თაის პარტიის მეორე ადგილზე გასვლაცაა. სწორედ ამ პარტიის მიერ შექმნილი მთავრობა 2014 წელს სამხედრო გადატრიალებით შეცვალეს.

რვა პარტიამ შეთანხმებას ამჟამინდელი პრემიერმინისტრის, პრაიუთ ჩან-ოჩას მიერ არმიის დახმარებით ხელისუფლების ხელში ჩაგდებიდან ზუსტად რვა წლის თავზე მოაწერა ხელი.

შეთანხმება მოიცავს ისეთ თემებს როგორიცაა ახალი, უფრო დემოკრატიული კონსტიტუციის მიღება, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება, ადმინისტრაციული ძალაუფლების დეცენტრალიზაცია, სამხედრო გაწვევიდან ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურზე გადასვლა, პოლიციის რეფორმა და სხვა.

კომენტარები