რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა აკრიტიკებს ბულგარეთის პრეზიდენტს, რომლის მტკიცებითაც, ომში დამნაშავე კიევია

ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი
Joe Klamar/AFP

უკრაინამ გააკრიტიკა ბულგარეთის პრეზიდენტის განცხადებები, რომ რუსეთთან ომში დამნაშავე კიევია და უკრაინისთვის იარაღის მიწოდება კონფლიქტს მხოლოდ ახანგრძლივებს

ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა 14 ივლისს ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ მისი აზრით, "ამ ომს უკრაინა დაჟინებით ითხოვს, ხოლო მის საფასურს მთელი ევროპა იხდის".

პრეზიდენტის განცხადებას ბულგარეთში უკრაინის საელჩო გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "უკრაინის ომში დადანაშაულება, რომელსაც ჩრდილოელმა მეზობელმა მოღალატეობრივად შეუტია, რუსული პროპაგანდისა და ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თეზისია ევროპაში". საელჩოს განმარტებით, კიევი მთელ ძალისხმევას მშვიდობის სწრაფად დამყარებაში დებს. საელჩომ ასევე უარყო რადევის პოზიცია, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ომს ახანგრძლივებს.

უკრაინელ და ბულგარელ მაღალჩინოსნებს შორის ურთიერთობა დაიძაბა მას შემდეგ, რაც ივლისის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოფიაში გამართულ შეხვედრაზე რადევს შეურაცხყოფა მიაყენა მას შემდეგ, რაც ბულგარეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ უკრაინის ომს "არავითარი სამხედრო გადაწყვეტა" არ აქვს და "სულ უფრო და უფრო მეტი იარაღი ამას ვერ მოაგვარებს". ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამანადგურებელი ომი უკრაინელების წინააღმდეგ წამოიწყო და არა სხვა ქვეყნების.

ზელენსკი ბულგარეთში NATO-სა და ევროკავშირის მომხრე პრემიერმინისტრის ადმინისტრაციასა და პრემიერმინისტრ ნიკოლაი დენკოვთან შესახვედრად გაემგზავრა. 

პრეზიდენტის განცხადების გავრცელებიდან მალევე დენკოვი მის პოზიციას დაუპირისპირდა და უკრაინაში ომში პუტინი და კრემლი დაადანაშაულა.

კომენტარები