რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინამ რუსების Shahed-ის ტიპის 20-ვე დრონი და Kalibr-ის ტიპის 2 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურა

BBC

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გასულ ღამით რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 20-ვე დრონი და ასევე, Kalibr-ის ტიპის 2 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამ-არხზე უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები ავრცელებენ

"შეიძლება ითქვას, რომ იყო ღამის თავდასხმა, რომელშიც მონაწილეობდნენ Shahed-ები და ფრთოსანი რაკეტები, ასევე შევნიშნეთ Iskander M ტიპის ერთი ბალისტიკური რაკეტა. ის ოკუპირებული ყირიმიდან ჯანკოის რაიონიდან გაუშვეს.

შავი ზღვიდან გაუშვეს ორი ფრთოსანი რაკეტა Kalibr-ი, რომლებიც სხვადასხვა ფრონტზე საჰაერო თავდაცვის სისტემებით გავანადგურეთ". - აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე ინფორმაციით, Shahed-131/136-ის ტიპის რაკეტები ორი მიმართულებით: სამხრეთით, პრიმორსკო-ახტარსკისა და ჩრდილოეთით, კურსკის მიმართულებით შენიშნეს.

"შეიძლება ითქვას, რომ უპილოტო საფრენი აპარატების უმეტესობა გაემართა კიევის ოლქისკენ, სადაც თავდასხმის დრონების მნიშვნელოვანი რაოდენობა განადგურდა.

ასე რომ, საბოლოო ჯამში, ჩვენ გვაქვს წარმატებული საჰაერო თავდაცვითი ოპერაცია". - ვკითხულობთ უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში. 

უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევები კიევის 4 რაიონში ჩამოცვივდა.

ამავე ინფორმაციით, ერთ-ერთ მისამართზე მაშველებმა 16-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულის აივანზე გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.

გარდა ამისა, როგორც უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური წერს, 25-სართულიანი სხვა შენობის დაზიანების შედეგად კიდევ 2 ადამიანი დაშავდა. 

მათივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე 95 მაშველი და 19 ერთეული ძირითადი და სპეციალური სახანძრო-სამაშველო ტექნიკა იყო მობილიზებული.

კომენტარები