აშშ ISIS-ის წინააღმდეგ

აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა ISIS-ის ლიდერი, უსამა ალ-მუჰაჯირი მოკლეს

William Rosado/US Air Force/AFP/Getty Images

პენტაგონის ცნობით, აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა 7 ივლისს სპეციალური ოპერაციისას ISIS-ის ლიდერი, უსამა ალ-მუჰაჯირი მოკლეს.

თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ალეპოში სამხედრო თვითმფრინავით თავდასხმას ემსხვერპლა ISIS-ის ერთ-ერთი ლიდერი. ISIS-ის ძალები აღარ აკონტროლებენ ტერიტორიებს სირიასა და ერაყში, თუმცა ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში შემორჩენილია მცირე შენაერთები და ISIS-თან აფილირებული ჯგუფები. 

"ISIS რჩება საფრთხედ, არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მის მიღმაც". - თქვა აშშ-ს ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, გენერალმა მაიკლ კურილამ. 

პენტაგონის პრეს რელიზში ხაზგასმულია, რომ არ არსებობს ინფორმაცია ან ეჭვი ოპერაციისას გარდაცვლილი სამოქალაქო პირების შესახებ. 

პენტაგონის მიერ გავრცელებულ ვიდეო მასალაში ჩანს, რომ სპეციალური ოპერაციის მიმდინარეობისას აშშ-ს საჰაერო ძალებს საშიში მანევრებით ხელი შეუშალა რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა. რუსული ინტერვენცია ამერიკულ და ევროპულ ოპერაციებში ბოლო პერიოდში გახშირდა. წინა კვირას, ფრანგულმა სამხედრო სარდლობამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია რუსული "არაპროფესიონალური ინტერაქციის" შესახებ სირიაში.

კომენტარები