აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჯანეტ იელენი ჩინეთში ჩავიდა

Mark Schiefelbein/Pool via REUTERS

აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჯანეტ იელენი პეკინში ჩავიდა. მისი ჩინეთში ვიზიტი 4 დღე გაგრძელდება. 

ვიზიტის ფარგლებში ჯანეტ იელენი პრემიერმინისტრს, ლი ციანგსა და ყოფილ ვიცეპრემიერს, ლიუ ჰეს შეხვდება. ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, ის აპირებს განიხილოს ჩინეთის მხრიდან ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯები, რაც მათზე შეზღუდვებისა და ბაზარზე მათთვის დაბრკოლებების შექმნის სახით გამოიხატება. 

ვიზიტის მიზანი აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებული ურთიერთობის დასტაბილურებაა. ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ ასპარეზზე ქიშპის, ტაივანის საკითხზე უთანხმოებისა და რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციების ფონზე ორივე მხარე ვიზიტის მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით სკეპტიკურად არის განწყობილი. თუმცა მხარეები განაგრძობენ ეროვნული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მიზნით თანამშრომლობის შენარჩუნებას.

გასულ თვეს ჩინეთში ჩავიდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და პრეზიდენტ სი ძინფინგს შეხვდა

ბლინკენის ჩინეთში ვიზიტი მანამდეც დაიგეგმა, თუმცა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჩინეთში მოგზაურობა მას შემდეგ გადადო, რაც ამერიკის საჰაერო სივრცეში ჩინეთის სათვალთვალო ბუშტი აღმოაჩინეს. მოგზაურობა 5-6 თებერვალს იყო დაგეგმილი. 

შეერთებული შტატების თავდაცვის მაღალჩინოსნები შიშობენ, რომ მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში ჩართულობის ნაკლებობა ცაში ან ზღვაზე მომხდარი ინციდენტის შემთხვევაში კომუნიკაციების კრიზისული მექანიზმის არარსებობას გამოიწვევს, რაც სავალალო შედეგს მოიტანს. ამის თავიდან ასაცილებლად და კომუნიკაციის არხების შესაქმნელად ბაიდენის ადმინისტრაცია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ცდილობს.


აშშ-ჩინეთის ურთიერთობები ბაიდენის პრეზიდენტობის განმავლობაში მუდმივად დაძაბულია. გასულ წელს, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის გამო ჩინეთმა შეიარაღებული ძალები უმაღლეს საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა და კუნძულის გარშემო სამხედრო წვრთნები გამართა.

ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც თებერვლის დასაწყისში აშშ-ს საჰაერო სივრცეში შენიშნეს მფრინავი საჯაშუშო ბუშტი, რომელიც ჩინეთს ეკუთვნოდა. 4 თებერვლის შემდეგ F-22-ის მოიერიშე თვითმფრინავებმა აშშ-სა და კანადის საჰაერო სივრცეში სამი მსგავსი ობიექტი ჩამოაგდეს. ინციდენტის გამო ენტონი ბლინკენმა ჩინეთში 5-6 თებერვალს დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.

მაისის ბოლოს ჩინეთმა აშშ-ს შეთავაზებაზე სინგაპურში გასამართ უსაფრთხოების ყოველწლიურ ფორუმზე შემდგარიყო ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შორის შეხვედრა, უარი თქვა.

მალევე, ცნობილი გახდა მაისში მომხდარი ინციდენტის შესახებაც, რომლის დროსაც ჩინურმა ავიაგამანადგურებელმა სამხრეთ ჩინეთის ზღვის თავზე, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში მფრინავი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის სიახლოვეს "არასაჭირო აგრესიული" მანევრი განახორციელა.

მსგავსი შემთხვევა მოხდა ივნისის დასაწყისშიც, როცა ტაივანის სრუტეში მცურავ აშშ-ს შეიარაღებული ძალების კუთვნილ Chung-Hoon გამანადგურებელს ჩინური სამხედრო ხომალდი სახიფათოდ მიუახლოვდა და გზა გადაუჭრა.

9 ივნისს WSJ-მ გასაიდუმლოებულ სადაზვერვო მასალებზე წვდომის მქონე ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია კუბაზე ჩინური საჯაშუშო ბაზის განთავსების შესახებ. ამერიკული უსაფრთხოების წარმომადგენლებმა გავრცელებული ინფორმაცია თავდაპირველად არ დაადასტურეს ან ნაწილობრივ უარყვეს, თუმცა, მოგვიანებით თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ ჩინეთის საჯაშუშო ბაზა კუნძულზე 2019 წლიდან, ჯერ კიდევ ტრამპის ადმინისტრაციის დროიდან ფუნქციონირებდა და ამის შესახებ ტრამპის ადმინისტრაცია იმავე ინფორმაციას ფლობდა, რასაც ბაიდენის ადმინისტრაცია.

კომენტარები