4 ივლისს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) წევრი ქვეყნების ლიდერები გამართავენ ვირტუალურ სამიტს, რომელზეც ევრაზიული ჯგუფი ორგანიზაციაში ირანის გაწევრიანებითა და ბელარუსისთვის წევრობის გზის გახსნით საკუთარი ზეგავლენის გაზრდას შეეცდება.
ინდოეთის პრემიერმინისტრ ნარენდრა მოდის მასპინძლობით ჩატარებულ სამიტში მონაწილეობას მიიღებენ ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინფინგი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომლისთვისაც რუსეთში ვაგნერის ჯგუფის მიერ მოწყობილი სამხედრო არეულობის შემდეგ საერთაშორისო ღონისძიებაზე ეს პირველი გამოჩენა იქნება.
2001 წელს ჩინეთის, რუსეთისა და ცენტრალური აზიის პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიერ დაარსებულ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას მოგვიანებით ინდოეთი და პაკისტანიც შეუერთდნენ და ახლა ის რვა წევრ ქვეყანას აერთიანებს. 4 ივლისს გასამართი სამიტის დროს მოსალოდნელია, რომ ირანი ორგანიზაციის წევრი გახდება, ხოლო ბელარუსი ვალდებულებების მემორანდუმს მოაწერს ხელს, რაც წევრობის გზაზე გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
სამიტი ნარენდრა მოდის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტიდან ორი კვირის შემდეგ იწყება. ინდოეთი ამჟამად შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის პრეზიდენტობასთან ერთად G20-ის პრეზიდენტი სახელმწიფოცაა და დასავლურ ქვეყნებსა და რუსეთისა და ჩინეთის ავტორიტარულ რეჟიმებთან პარტნიორობის დაბალანსებას ცდილობს.