აშშ-ინდოეთი

ნარენდრა მოდიმ თეთრ სახლში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა

ინდოეთის პრემიერმინისტრი, ნარენდრა მოდი თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე, 2023 წლის 22 ივნისი
AP Photo/Jacquelyn Martin

ამერიკის შეერთებულ შტატებში სახელმწიფო ვიზიტით მყოფმა ნარენდრა მოდიმ თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ინდოეთის პრემიერმინისტრის ეს ნაბიჯი მოულოდნელი იყო, რამდენადაც მოდი დაუგეგმავ მომენტებს, როგორც წესი, თავს არიდებს და მედიის მიმართაც სიმპათიებით არ გამოირჩევა, რაც ინდოეთში პრესის თავისუფლების შემცირებაშიც გამოიხატება.

იმ პრესკონფერენციებთან შედარებით, რომლებსაც აშშ-ს პრეზიდენტი უცხოელ ლიდერებთან ერთად მართავს ხოლმე, ინდოეთის პრემიერმინისტრის პრესკონფერენცია უფრო შეზღუდული იყო, თუმცა მოდის დაყოლიება მაინც რთული აღმოჩნდა. ინდური მხარე მასში მონაწილეობას მხოლოდ წინა დღით დათანხმდა.

პრესკონფერენციის გამართვასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებში ჩახედული პირის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციამ ინდოეთის პრემიერმინისტრის მრჩევლებს უთხრა, რომ ჟურნალისტებისგან კითხვების მიღება ქვეყნების ლიდერების თეთრ სახლში სახელმწიფო ვიზიტის შემადგენელი ნაწილია.

მოდის ინდოელმა ჟურნალისტმა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, ამერიკელმა ჟურნალისტმა კი ადამიანის უფლებებზე დაუსვა კითხვა. ეს უკანასკნელი აშშ-ინდოეთის ურთიერთობაში განსაკუთრებით დელიკატური საკითხია.

ინდოეთის პრემიერმინისტრმა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით საკუთარი ქვეყნის პოზიცია დაიცვა და თქვა, რომ "დემოკრატია ჩვენს ვენებში ჩქეფს" და ინდოეთში "დისკრიმინაციის ადგილი საერთოდ არ არის".

ინდოეთის 72 წლის პრემიერმინისტრი ინდივიდუალურ პრესკონფერენციებს არასდროს ატარებს და უცხოეთში ვიზიტისას ჟურნალისტებთან კომუნიკაციასაც თავს არიდებს.

სხვადასხვა ანგარიშების მიხედვით, ინდოეთში მედიისთვის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გარემოა. როგორც ორგანიზაცია რეპორტიორები საზღვრებს გარეშე იტყობინება, პრესის თავისუფლების ინდექსით ინდოეთი180 ქვეყნიდან 161-ე ადგილზეა. ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მსოფლიოს ყველაზე დიდ დემოკრატიულ ქვეყანაში პრესის თავისუფლება კრიზისშია და საშუალოდ სამიდან ოთხამდე ჟურნალისტს მათ საქმიანობასთან დაკავშირებული მიზეზებით კლავენ, რის გამოც ინდოეთი მედიისთვის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ქვეყანაა.

ნარენდრა მოდი სახელმწიფო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში 21 ივნისს ჩავიდა. ამერიკაში ყოფნისას ინდოეთის პრემიერმა ბაიდენთან შეხვედრა გამართა, რის შემდეგაც თეთრ სახლში გამართულ ოფიციალურ ვახშამს დაესწრო. მანამდე მოდი ილონ მასკსაც შეხვდა, ვისთანაც Tesla-ს ქარხნის ინდოეთში გახსნის პერსპექტივები განიხილა. 22 ივნისს, იოგას საერთაშორისო დღეს მოდიმ გაეროს შტაბ-ბინის მინდორზე იოგაც ივარჯიშა. ვიზიტი 24 ივნისს დასრულდება.

კომენტარები