რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის ომის დანაშაულების გამოძიების მიზნით ჰააგაში საერთაშორისო ცენტრი გაიხსნა

უკრაინის გენერალური პროკურორი ანდრეი კოსტინი, 2023 წლის 19 აპრილი.
REUTERS/Sarah Silbiger/File

უკრაინის, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მიზნით ჰააგაში საერთაშორისო ცენტრი დღეს, 3 ივლისს გახსნეს

არსებული მდგომარეობით, საერთაშორისო სამართალში არ არსებობს მექანიზმი, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან - 2022 წლის 24 თებერვლიდან - მოსკოვის მიერ უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე დამნაშავეთა წინააღმდეგ სასამართლო წესით დევნას შეძლებს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უკრაინაში სავარაუდო ომის დანაშაულების, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებისა და გენოციდთან დაკავშირებულ საქმეების გამოძიებაზე იურისდიქცია აქვს. თუმცა, სამართლებრივი შეზღუდვების გამო მისი იურისდიქცია არ ვრცელდება აგრესიის დანაშაულის, მათ შორის, არაპროვოცირებული თავდასხმების გამოძიებაზე.

ახალ ოფისი, რომელსაც "აგრესიის დანაშაულის გამოძიების საერთაშორისო ცენტრი" (ICPA) ეწოდება, ჰააგის სასამართლოსთან ერთად საერთაშორისო სამართალში არსებული ამ შეზღუდვის აღმოფხვრაზე იმუშავებს. 

უკრაინის მთავარი პროკურორის, ანდრეი კოსტინის თქმით, ახალი ცენტრი ომზე პასუხისმგებელი რუსი სამხედრო და პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ მტკიცებულებებს შეაგროვებს.  

"აგრესიის დანაშაული რომ არ ჩაედინათ, არც 93 000 სამხედრო დანაშაული იარსებებდა. ეს დღე ადასტურებს იმას, რომ სპეციალური ტრიბუნალის შექმნა გარდაუვალია" . - ამბობს კოსტინი. 

"აგრესიის დანაშაულის გამოძიების საერთაშორისო ცენტრი", რომელიც დაკომპლექტებულია პროკურორებით - უკრაინიდან, ევროკავშირიდან, აშშ-დან და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან, განიხილება როგორც რუსეთის ლიდერებისთვის საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის პირველი ნაბიჯი.

კომენტარები