ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

პენცენტრი: ვგმობთ სულაკაურის გამომცემლობის წინააღმდეგ დაწყებულ ამაზრზენ რუსულ კამპანიას

საქართველოს პენცენტრმა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას მხარი დაუჭირა და საკუთარ საიტზე განცხადება გამოაქვეყნა.

"საქართველოს პენცენტრი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს პრორუსული ძალების და პრორუსული ტელევიზიების მიერ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, სულაკაურის გამომცემლობის მისამართით დაწყებული ცილისმწამებლური კამპანიის გამო.

სამწუხაროდ, 30 ივნისს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას გაიმეორა პრორუსული ძალების და ტელევიზიების მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია. საქმე ეხება XVII საუკუნის ცნობილი მეზღაპრის, შარლ პეროს ერთ-ერთ ზღაპარს, რომელიც თავისი შინაარსითა და მორალით არაფრით განსხვავდება ამავე ავტორის საყოველთაოდ ცნობილი ისეთი ზღაპრებისაგან, როგორიცაა წითელქუდა, ჩექმებიანი კატა თუ ბავშვებისთვის საყვარელი მისი არაერთი სხვა ტექსტი.

სამწუხაროდ, ცილისმწამებლური და ცრუ კამპანია მიმართულია არა რომელიმე კონკრეტული გამომცემლობის, არამედ საქართველოს ევროპული არჩევანის წინააღმდეგ. იმის გამო, რომ რუსეთს არაფერი აქვს შესათავაზებელი ადამიანებისთვის ჩაგვრის, განადგურების, სიძულვილის, განსხვავებულის მიუღებლობის გარდა, რუსეთი და საქართველოში მოქმედი პრორუსული ძალები ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს არსებობს ქართველი ხალხის წინააღმდეგ არსებული შეთქმულება, რომლის მიხედვითაც ხდება ბავშვებისთვის რაიმე უცხო ღირებულებების თავს მოხვევა. ამ კამპანიის ერთადერთი რეალური მიზანი არის საქართველოს ევროპული გზისთვის საბოტაჟის მოწყობა.

საქართველოს პენ ცენტრი და წერილზე ხელმომწერი ადამიანები, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მეტი სიფრთხილით მოეკიდოს იმგვარ რუსულ ინიციატივებს, რომელსაც შეუძლია შეაფერხოს და დააზიანოს საქართველოს სწრაფვა ევროპისაკენ.

ჩვენ ვგმობთ სულაკაურის გამომცემლობის წინააღმდეგ პრორუსული ძალების მიერ აგორებულ ცილისმწამებლურ კამპანიას და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, არ გააგრძელოს რუსული კანონების მიღების მცდელობა და ამ გზით ქართველი ხალხის ევროპული ინტეგრაციისთვის საბოტაჟის მოწყობა.

ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ ხალხს სიფრთხილისაკენ, რათა არარსებული საფრთხეების წარმოჩენით მას არ მოჰპარონ საქართველოს და მის შვილებს ევროპული მომავალი, რომელიც უალტერნატივოა ამ ქვეყნისა და მისი მომავლისთვის და განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით.

ვგმობთ რა სულაკაურის გამომცემლობის წინააღმდეგ დაწყებულ ამაზრზენ ცილისმწამებლურ რუსულ კამპანიას, ვაცხადებთ, რომ ყველა, როგორც ერთი, დავიცავთ ნებისმიერ გამომცემელს, მწერალს, ნებისმიერი სფეროს ხელოვანსა თუ ინსტიტუციას, რომლის გაჩუმება ან განადგურებაც ენდომებათ რუსეთს და მის მსახურებს. ასევე ჩვენ ხელთ არსებულ ყველა საშუალებას გამოვიყენებთ, რათა რუსეთისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი ცხადი გახდეს ქართველი ხალხისთვის და ის სრულად იყოს ინფორმირებული იმ საფრთხეების შესახებ, რაც საქართველოს სახელმწიფოს, მსგავსი რუსული კამპანიებისა და ინიციატივების გამო ემუქრება". – წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს 103 ადამიანი, მათ შორის ცნობილი მწერლები არჩილ ქიქოძე, ლაშა ბუღაძე, რატი ამაღლობელი, ანა კორძაია-სამადაშვილი, თამთა მელაშვილი, ბექა ადამაშვილი, ლევან ბერძენიშვილი, პაატა შამუგია, ნესტან კვინიკაძე, სალომე ბენიძე აწერს ხელს.

სულაკაურის გამომცემლობას ასევე მხარს უჭერს საქართველოს მწერალთა კავშირი, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია.

პენცენტრი 1921 წელს დაფუძნებული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის წევრი საქართველო 1991 წელს გახდა. დღეისთვის პენცენტრი 70-ზე მეტ ქართველ მწერალს აერთიანებს.


ახლო წარსულში სოციალურ ქსელში პრორუსული ძალების მიერ დაიწყო ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის დისკრედიტაცია. რამდენიმე პირი გამომცემლობაში მივიდა და 2 წიგნი გააპროტესტა, ერთია ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის, რომელშიც ტრანსგენდერი ქალის ისტორიაა მოთხრობილი, ხოლო მეორეა მე-17 საუკუნის მეზღაპრის, შარლ პეროს ერთ-ერთი ზღაპარი ვირისტყავა. მათი აზრით გამომცემლობა "პედოფილიის პროპაგანდას ეწევა". 

30 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი წლიურ მოხსენებაში ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ახსენა და პრორუსულ ძალებს მხარი დაუჭირა. 

კომენტარები