რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გამოძიების მიხედვით, კახოვკის ჰესის აფეთქებისას ობიექტზე ქართული წარმოშობის სამხედროც იყო

არსენ ფიცხელაური
Schemes

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის პროექტ Схеми-სა და სააგენტო Слідство.Інфо-ს ჟურნალისტური გამოძიებით გაირკვა იმ რუსი სამხედროების ვინაობა, რომლებიც, სავარაუდოდ, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის შენობაში 5-6 ივნისის ღამეს, კაშხლის დანგრევის დროს იმყოფებოდნენ. გამოძიების ინფორმაციით, რუსული ბრიგადის ერთ-ერთი წევრი ქართული წარმოშობის არსენა ფიცხელაურია.

ჟურნალისტების მიერ დადგენილი სამხედროები რუსეთის ფედერაციის სახმელეთო ჯარების 205-ე ცალკეული მოტორიზებული ბრიგადა კაზაკის წევრები არიან. უკრაინელი მაღალჩინოსნები და მედია კაშხლის აფეთქებას სწორედ ამ ბრიგადას მიაწერს.

ჟურნალისტებმა ამ ბრიგადის წევრების ვინაობის დადგენა სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული მასალების მეშვეობით შეძლეს. გამოძიების მიხედვით დადგინდა ოთხი პირის სახელი და თანამდებობა: ბრიგადის მეთაური - რომან ტიტოვი, საინჟინტრო და გამნაღმველთა ბატალიონის სერჟანტი - რუსლან მაგომედოვი, მაიორი - დენის მისჩენკო და არსენა ფიცხელაური, რომელსაც გრუზინის ზედმეტსახელით მოიხსენიებენ.

ფიცხელაურთან დაკავშირებით გამოძიება წერს, რომ, ფოტოების ანალიზის საფუძველზე, ის აქტიურად მონაწილეობდა ხერსონის რეგიონის ოკუპაციაში. რამდენიმე ფოტოში სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ფიცხელაური კახოვკის ჰესთან დგას. ჟურნალისტებს ერთ-ერთმა ანონიმურმა წყარომ, რომელიც თავადაც ოკუპანტია, დაუდასტურა, რომ ფიცხელაური და 205-ე ბრიგადის ჯარისკაცები კვლავ ნოვა-კახოვკაში რჩებიან. მან ასევე აღნიშნა, რომ კაშხლის განადგურენის შედეგ ფიცხელაური რუსეთში დაჯილდოებისთვის მიიხმეს.

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, მათ მოიპოვეს მასალები, რომლებიც ცხადჰყობს, რომ კახოვკის ჰესის აფეთქების ღამეს რუსებს გარკვეული გეგმა ჰქონდათ.

The New York Times-ის ვერსიით, კახოვკის ჰესის ნგრევა კაშლხის ქვეშ მდებარე გვირაბში მოწყობილმა აფეთქებამ გამოიწვია.

6 ივნისს ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დაინგრა, რასაც წყალდიდობა მოჰყვა. უკრაინელების განცხადებით, ნგრევა რუსი ოკუპანტების მიერ კაშხლის აფეთქებას მოჰყვა. თუმცა, მოსკოვის მტკიცებით, ჰესზე თავდასხმა უკრაინელებმა მოაწყვეს.

წყალდიდობის გამო საჭირო გახდა ათასობით ადამიანის ევაკუაცია.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკის შემთხვევას რუსეთის მიერ "მასობრივი ეკოლოგიური განადგურების ბომბის" აფეთქება უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ბოლო წლებში ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ეკოლოგიური კატასტროფაა.

კომენტარები