თავდასხმა მიშა მშვილდაძეზე

ბოკერია: საზოგადოებაში უნდა გაფართოვდეს კონსენსუსი რეჟიმის დემოკრატიულად დასრულებაზე

გიგა ბოკერია
ტაბულა

ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია ტელეკომპანია ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელსა და წამყვანზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმას გამოეხმაურა. 

ბოკერიას თქმით, ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოსვლიდან მოყოლებული ქადაგებდა ძალადობას და ამისთვის "მორალურ" საფუძველს იყენებდა, ხოლო ძალადობის გააქტიურება იმის მანიშნებელია, რომ ხელისუფლებას პოლიტიკური პრობლემები აქვს.

"ქართული ოცნება და ივანიშვილის რეჟიმი, მაშინაც კი, როდესაც პოლიტიკურად ზენიტში იყვნენ, ყველა თავის მოკავშირესთან ერთად და სამწუხაროდ, საპატრიარქოც ხშირად მათი მოკავშირე იყო ასეთ საკითხებში, არა მარტო ამართლებდნენ, არამედ ქადაგებდნენ ძალადობას, მას "მორალურ" საფუძველს უძებნიდნენ და აიგივებდნენ სიტყვიერ თავდასხმებს ფიზიკურ თავდასხმებთან, რაც ყველა მოძალადეს ახასიათებს ხოლმე. შემდგომ პერიოდში, ეს ძალადობა უფრო ინტენსიური ხდებოდა, როცა ისინი ხვდებოდნენ, რომ პოლიტიკურად უჭირდათ, ახლა, როგორც ჩანს, ეს პერიოდი დგება. ამაზე ერთადერთი სწორი პასუხია, საზოგადოებაში გაფართოება კონენსუსის, ამ რეჟიმის დემოკრატიულად დამთავრების თაობაზე. ამის გარეშე, ქვეყნის შიგნით გველოდება სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე, თუ ეს რეჟიმი შორს წავიდა და გარე მტრისგან გვემუქრება დამატებითი საფრთხე, სანამ აქ მათი მოკავშირეა ხელისუფლებაში". – ამბობს ბოკერია. 

მიშა მშვილდაძეს თავს 27 ივნისს დაესხნენ. როგორც მშვილდაძე ამბობს, თავდამსხმელმა უთხრა – "შენ პატრიარქს როგორ აგინებ".

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 

კომენტარები