თავდასხმა მიშა მშვილდაძეზე

მიშა მშვილდაძე თავდასხმაზე: ეს იყო დადგმული, ორგანიზებული, ჩართული იყო სუს-ი

კადრი ვიდეოდან / ფორმულა

ტელეკომპანია ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის თქმით, 27 ივნისს მასზე თავდასხმა წინასწარ დადგმული და სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ორგანიზებული იყო.

მშვილდაძე ამბობს, რომ მასზე თავდასხმამდე აფთიაქში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფოტოგრაფი ნახა. მშვილდაძე სუს-ის ფოტოგრაფის ამ ტერიტორიაზე ყოფნას იმით ხსნის, რომ, სავარაუდოდ, მან იცოდა გეგმის შესახებ, თუმცა არ იცოდა, რომ სამიზნე მშვილდაძე იყო.

"ჩემი შინაგანი რწმენით ეს იყო დადგმული, ორგანიზებული აქცია, რომელშიც მონაწილეობდა ბევრი ადამიანი, სხვადასხვა როლით". – თქვა მშვილდაძემ. 

მშვილდაძის თქმით, ამის შემდეგ სუპერმარკეტ კარფურში შესვლა ჯერ ერთი კარიდან სცადა, რომელიც დაკეტილი დახვდა, შემდეგ კი უკან გამობრუნდა და მეორე კარიდან შესვლა დააპირა. სწორედ მეორე კარში შესვლისას დაესხნენ თავს ზურგიდან. მისი თქმით, არ იცის რამდენი ადამიანი სცემდა, თუმცა ერთ-ერთი მათგანი მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილი იყო, ხოლო ტერიტორიაზე სუს-ის თანამშრომლები სიტუაციას აკვირდებოდნენ.

მშვილდაძე გამორიცხავს თავდასხმას პირადი მოტივის საფუძველზე, რასაც მოქალაქე გუგეშაშვილი თავის Facebook პოსტით აღიარებდა.

მიშა მშვილდაძეს თავს 27 ივნისს დაესხნენ. 28 ივნისს შსს-მ თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. გავრცელებული ცნობების მიხედვით, დაკავებული პირი სწორედ ნიკოლოზ გუგეშაშვილია.

კომენტარები