ევროპული საქართველო

რელიგიურ ჯგუფებს დაუბრუნდეთ ისტორიული ქონება – ევროპული საქართველოს პეტიცია

ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი ნონიაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, ხელი მოაწერონ პეტიციას, რათა რელიგიურ ჯგუფებს ისტორიული ქონება დაუბრუნდეთ. 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შენარჩუნებული ისტორიული ქონება სრულად მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას დაუბრუდა - პეტიციის მიზანია, რელიგიურა~მა ჯგუფებმა დაიბრუნონ ის საკულტო ნაგებობები, რომლებიც ან საპატრიარქოს მიერ არის მითვისებული, ან სახელმწიფოს გამგებლობაში ინგრევა.  

"სომხურ ეკლესიაში სომხურ საფლავებს აქრობენ, ნაძალადევის მართლმადიდებლური ეკლესია აბანოდ გადააკეთეს... რელიგიური უმცირესობების წევრები ამ ქვეყანაში სტუმრები არ არიან. მნიშვნელოვანი არის რესტიტუციის პოლიტიკის გატარება.

ამ ქვეყანაში მხოლოდ მართლმადიდებლები არც ახლა ცხოვრობენ, არც წარსულში უცხოვრიათ და, დიდი ალბათობით, არც მომავალში იცხოვრებენ. ამ ქვეყანაში არც ქურდობა და მტაცებლობა ყოფილა წესი - რელიგიური ჯგუფების მიერ ერთმანეთის ქონების მტაცებლობა, მაგრამ დღეს გვაქვს ვითარება, რომელიც ჩვენს ნამდვილ ეროვნულ შინაარსს არ გამოსახავს. ზუსტად იმიტომ, რომ რელიგიური ჯგუფები, რელიგიური უმცირესობები საკუთარ ტაძრებში ვერ შედიან და ლოცულობენ". - ამბობს გიორგი ნონიაშვილი. 

პეტიციას ხელი შეგიძლიათ მოაწეროთ ლინკზე. 

"1921 წლიდან, საბჭოთა ტოტალიტარულმა რეჟიმმა საქართველოში რელიგიურ ჯგუფებს: მართლმადიდებელ, კათოლიკე, ლუთერულ, სომხურ სამოციქულო ეკლესიებს, ასევე იუდეურ და მუსლიმურ თემებს რელიგიური ქონების უდიდესი ნაწილი ჩამოართვა. ბოლშევიკებმა საკულტო ნაგებობების ნაწილი გაანადგურეს, ნაწილს კი დანიშნულება შეუცვალეს. 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, შენარჩუნებული ისტორიული ქონება სრულად მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას დაუბრუნდა. სხვა რელიგიური ჯგუფები კი, წლებია ვერ იბრუნებენ უფლებას გამოიყენონ თავიანთი ისტორიული საკულტო ნაგებობების უდიდესი ნაწილი. დღესდღეობით, მათი ნაწილი ან საქართველოს საპატრიარქოს მიერ არის მითვისებული (ელიზაბეთტალის ლუთერული ეკლესია; ბათუმის კათოლიკური ეკლესია; თანდოიანც სურბ ასტვაწაწინი; უდის კათოლიკური ეკლესია და ა.შ) ან სახელმწიფოს გამგებლობაშია და ინგრევა (ნორაშენ სურბ ასტვაწაწინი; კარმირ ავეტარანი; მოხის მეჩეთი და ა.შ.) 

საკულტო ნაგებობებს ეცვლებათ იერსახე. ნადგურდება და ინგრევა ისტორიული ქონების ნაწილი. საქართველოს მოქალაქეებს მათ ტაძრებში წირვა-ლოცვის აღსრულების შესაძლებლობა არ ეძლევათ. 

ჩვენი წინაპრების, ამ ქვეყნის მოქალაქეების სახსრებითა და მოწადინებით აშენებული საკულტო ნაგებობები, რომელიც ჩვენი საზოგადოების კულტურული მრავალფეროვნების ძეგლებს წარმოადგენენ, დღეს უთანასწორობის ძეგლებად გადაიქცნენ. 

ჩვენ უნდა დავასრულოთ ისტორიული უსამართლობა, რომელიც ვნებს ქართულ სახელმწიფოს და მიმტაცებლობასა და ქურდობას ქართულ იდენტობად ასაღებს. საქართველოში უნდა გატარდეს რესტიტუციის პოლიტიკა. ქართველ კათოლიკეებს, მუსლიმებს, იუდეველებს, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის წევრებს თუ ლუთერელებს უნდა დავუბრუნოთ შენარჩუნებული საკულტო ნაგებობები, რომელიც მათ ბოლშევიკებმა საქართველოს ოკუპაციის და ანექსიის შემდეგ წაართვა". - წერია პეტიციის აღწერაში. 

კომენტარები