რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

EU-ს ქვეყნები უკრაინის სამხედრო დახმარების ფონდის 3.5 მილიარდი ევროთი გაზრდაზე შეთანხმდნენ

26 ივნისს, ევროკავშირის ქვეყნები უკრაინის სამხედრო დახმარების ფონდის 3.5 მილიარდი ევროთი გაზრდაზე შეთანხმდნენ.

"დღევანდელი გადაწყვეტილება კვლავ უზრუნველყოფს, რომ ჩვენ გვექნება დაფინანსება, რათა გავაგრძელოთ ჩვენი პარტნიორების შეიარაღებული ძალების კონკრეტული სამხედრო მხარდაჭერა. ფონდმა თავისი ღირსება დაამტკიცა. მან მთლიანად შეცვალა ის, თუ როგორ ვუჭერთ მხარს ჩვენს პარტნიორებს თავდაცვის სფეროში. ეს აძლიერებს ევროკავშირს და მის პარტნიორებს". – თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა, რომელიც ფონდის დაფინანსების ინიციატივით გამოვიდა. 

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ლუქსემბურგში გამოსვლისას თქვა, რომ არ გააუქმებს არსებული ფონდისთვის 500 მილიონი ევროს ტრანშის ბლოკს, ვიდრე კიევი უნგრულ ბანკ OTP-ს რუსეთის ომის საერთაშორისო სპონსორთა სიიდან არ ამოიღებს. 

2021 წელს დაფუძნებული ევროპის სამშვიდობო ფონდი (EPF) ევროკავშირის მიერ განვითარებადი ქვეყნების სამხედრო აღჭურვილობით მომარაგებას ემსახურება. რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი თავდასხმის დაწყების შემდეგ ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ არსებულ რესურსებს უკრაინის დასახმარებლადაც გამოიყენებდნენ. 

ევროკავშირის ბიუჯეტისგან განსხვავებით, რომელიც სამხედრო ოპერაციების დაფინანსების მიზნით არ გამოიყენება, არსებული ფონდი სწორედ ამ მისიას ისახავს მიზნად და დამოუკიდებლად ფუნქციონირებს. 

მიმდინარე ომმა ფონდის ხარჯები იმაზე გაცილებით მეტად გაზარდა, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო გათვლილი. პირვანდელი ანგარიშით 2027 წლამდე ფონდისთვის €5 მლრდ იყო გამოყოფილი. ლიმიტი გასულ დეკემბერს €2 მლრდ-ით გაიზარდა. 

ამ დრომდე ევროპის სამშვიდობო ფონდმა უკრაინას €4.6 მლრდ-ის ღირებულების დახმარება გაუწია. 

კომენტარები