საქართველო-ევროკავშირი

წერეთელი ო'სალივანის ვიზიტზე: შესაძლებელია, საქართველოსაც დაემუქროს სანქციები

გიგი წერეთელი
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავჯდომარე, გიგი წერეთელი სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო'სალივანის თბილისში ვიზიტს ეხმაურება. 

წერეთლის თქმით, იმის ნაცვლად, რომ მსჯელობა იყოს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საქართველოს NATO-ში სწრაფად გაწევრიანება, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესება და დასავლეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება, საუბარი იქნება იმაზე, არღვევს თუ არა საქართველო საერთაშორისო ნორმებს რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე.

"საუბარი იქნება იმაზე, არღვევს თუ არა საქართველო საერთაშორისო წესებს, ეხმარება თუ არა რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში და სამწუხაროდ, შესაძლებელია, საქართველოსაც დაემუქროს გარკვეული მიმართულებით სანქციები. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ ძალიან რთულ და მძიმე მდგომარეობაზე, რომელიც ამ ხელისუფლებამ შექმნა ქვეყანაში და ეს ყველაფერი სწორედ ამის კიდევ ერთი დასტურია". – ამბობს წერეთელი.

დღეს, 26 ივნისს, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი ორდღიანი ვიზიტით თბილისს ეწვევა. ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, "ო'სალივანი საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილავს საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებს, კერძოდ, სანქციებსა და მათ ეფექტიან განხორციელებას".  

"ვიზიტის მიზანია პირდაპირი საკომუნიკაციო არხის გახსნა და სამომავლო თანამშრომლობაზე დაფუძნებული დიალოგის ჩამოყალიბება. საქართველოს ხელისუფლებამ თანამშრომლობის დიდი მზადყოფნა გამოხატა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა  სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტისთვის და არის იმედი, რომ მჭიდრო თანამშრომლობა  გაგრძელდება" - აღნიშნავს ევროკავშირის წარმომადგენლობა.

ვიზიტის ფარგლებში, 27 ივნისიდან გაიმართება შეხვედრები საქართველოს პრემიერმინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან  ილია დარჩიაშვილთან, ვიცე-პრემიერთან და ეკონომიკის მინისტრთან ლევან დავითაშვილთან, ფინანსთა მინისტრთან ლაშა ხუციშვილთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან  არჩილ მესტვირიშვილთან და გენერალურ პროკურორთან ირაკლი შოთაძესთან.  დევიდ ო’სალივანი, ასევე, ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ო’სალივანის შეხვედრა პრესასთანაც  - ინფორმაციას ადგილისა და დროის შესახებ მოგვიანებით დაზუსტდება.

"ეს იქნება ერთობლივი ვიზიტი, რომელშიც ასევე მონაწილეობენ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერი" - აღნიშნავს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.


ო'სალივანის თბილისში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მაისში გავრცელდა. იგი ასევე ეწვევა რეგიონის სხვა ქვეყნებსაც. გამოცემა POLITICO-ს ცნობით, 2023 წლის გაზაფხულზე ო'სალივანი უკვე იმყოფებოდა თურქეთში, უზბეკეთსა და ყაზახეთში რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შესაძლო გვერდის ავლის შემთხვევების მონიტორინგისთვის.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ო'ბრაიენმა ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ საქართველო სრულად ასრულებს დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურს სანქციებს, თუმცა მომატებულია რუსეთის მიმართულებით ელექტრონული ნივთების ტრანზიტი, რაც ლეგალური აღარ არის. ამასთან, ო'ბრაიენმა ხაზი გაუსვა, რომ სანქციების სრულად აღსრულება საქართველოს ეკონომიკას არ აზარალებს.

მანამდე, ო'ბრაიენმა საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს (ECFR) ყოველწლიურ შეხვედრაზე თქვა, რომ რუსეთი გარკვეული სანქციებისთვის თავის არიდებას სხვა სახელმწიფოების გავლით ცდილობს, რაც ხელს უშლის შეზღუდვების მიზნების შესრულებას. 

კომენტარები