პრიგოჟინის ამბოხება

ნაუსედა: თუ ბელარუსი პრიგოჟინს მიიღებს, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება დასჭირდება

ლიტვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა
European Union 2023 - EP

ლიტვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ აღნიშნა, რომ თუ ბელარუსი კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელს, ევგენი პრიგოჟინს მიიღებს, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება დასჭირდება. 

"თუ პრიგოჟინი ან ვაგნერის ჯგუფის ნაწილი ბელარუსში აღმოჩნდება გაურკვეველი გეგმებითა და გაურკვეველი განზრახვებით, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ ჩვენი აღმოსავლეთის საზღვრების უსაფრთხოება. აქ მხოლოდ ლიტვაზე არ ვსაუბრობ, არამედ უდავოდ მთელ NATO-ზე". - აღნიშნა ნაუსედამ ჟურნალისტებთან საუბრისას.  

გარდა ამისა, ნაუსედამ დასძინა, რომ "ბელარუსის პოლიტიკური და უსაფრთხოების ასპექტების" შეფასებას ლიტვა უფრო მეტ სადაზვერვო შესაძლებლობებს დაუთმობს.

მისივე თქმით, სჯერა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მომავალში კიდევ უფრო დიდ გამოწვევებს შეხვდება და ასევე დასძინა, რომ "მეფე შიშველია". 

რუსეთში სამხედრო არეულობა 23 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა და მათ საპასუხო ნაბიჯებს დაჰპირდა.

იერიშის ბრალდების გარდა, პრიგოჟინი უკრაინაში რუსი სამხედროების დიდ დანაკარგებში თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს ადანაშაულებდავაგნერის დამფუძნებელი იმუქრებოდა, რომ გაანადგურებდნენ ყველას, ვინც გზაზე გადაუდგებოდა.

ვაგნერის ძალები 24 ივნისის გამთენიისას შევიდნენ დონის როსტოვში, სადაც, პრიგოჟინის მტკიცებით, აქამდე იმყოფებოდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ. ვაგნერის ლიდერი ამბობდა, რომ შოიგუ აქ სპეციალურად ჩამოვიდა, რათა მისი ძალების განადგურება დაეგეგმა, თუმცა, საპასუხო მოქმედებების დაწყების შემდეგ, გაიქცა. 

ქალაქ როსტოვში ვაგნერელებმა ალყაში მოაქციეს და დაიკავეს ადმინისტრაციული და სამხედრო ობიექტები. იგივე მოხდა ქალაქ ვორონეჟშიც. პრიგოჟინის მოსკოვისკენ წინსვლას აანონსებდა. რუსეთის დედაქალაქში ამოქმედდა ანტიტერორისტული რეჟიმი.

მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვა გააკეთა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა. ის ამბობდა, რომ ეს მოქმედებები არის ღალატი და გადატრიალების მცდელობა და მის ლიდერებს გარდაუვალ სასჯელს ჰპირდებოდა. საპასუხოდ პრიგოჟინმა განაცხადა, რომ პუტინის მოთხოვნის გამო დანებებას არ აპირებდნენ, რადგან "ბიუროკრატიაში, ტყუილსა და კორუფციაში ცხოვრება" აღარ სურდათ.

დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლობა დაიწყო ბელარუსის ავტოკრატმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ. საბოლოოდ მხარეებმა დეესკალაციის შეთანხმებას მიაღწიეს. პრიგოჟინმა განაცხადა, რომ "გეგმის შესაბამისად", საკუთარ ძალებს უკან, საველე ბანაკებში დააბრუნებდა. შემდეგ კრემლში განაცხადეს, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდებოდა, თავად ოლიგარქი კი ბელარუსში გადავიდოდა.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ვაგნერელებმა ჩამოაგდეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ექვსი ვერტმფრენი, აქედან ერთი ძვირადღირებული რადიოელექტრონული ბრძოლის ვერტმფრენი და ერთი რადიოელექტრონული დაზვერვის თვითმფრინავი.

კომენტარები