რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლანდსბერგისი: NATO-ს სამიტი ისტორიული იქნება მიღწევების, ან დაკარგული შესაძლებლობების გამო

გაბრიელიუს ლანდსბერგისი

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის გაბრელიუს ლანდსბერგისის თქმით, ვილნიუსში NATO-ს სამიტი იქნება ისტორიული ან მიღწევების, ან დაკარგული შესაძლებლობების გამო. 

"არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ სამიტი ნებისმიერ შემთხვევაში ისტორიული იქნება. მთავარი კითხვაა, იქნება ის ისტორიული მიღწევების, თუ დაკარგული შესაძლებლობების გამო? არსებობს თუ არა ამის შანსი? ის ნამდვილად არსებობს". - ამბობს ლანდსბერგისი.

ლანდსბერგისის თქმით, მას სურს, დაიჯეროს, რომ სამიტამდე დარჩენილ კვირებში ალიანსს მიეცემა სანსი, ამოავსოს არსებული ხარვეზები და გარდაქმნას სამიტი უფრო ისტორიული ლიდერების შეხვედრად ვილნიუსში, სადაც უკრაინა NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მკაფიო სიგნალს მიიღებს.

"ლიტვა ალიანსის ერთ-ერთი წევრია, ჯამში, ის 31 ქვეყნისგან შედგება და ჩვენ გვაქვს პოლიტიკური პოზიცია, ვიცავთ მას და ვეხმარებით უკრაინას ნებისმიერი ინსტრუმენტითა და ძალით". - თქვა ლანდსბერგისმა.

ლანდსბერგისმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამიტს დაესწრება და მის მონაწილეობას უმნიშვნელოვანესი უწოდა. 

ლანდსბერგისმა განმარტა ისიც, რომ სამიტის დროს ლიტვა ხაზს გაუსვამს ქვეყნის გეოპოლიტიკურ ვითარებასა და მასთან დაკავშირებულ საფრთხეებს იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანას როგორც რუსეთი,  ისე ბელარუსი ესაზღვრება. 

NATO-ს სამიტი 11-12 ივლისს ლიტვაში, ქალაქ ვილნიუსში გაიმართება.

კომენტარები