ორკების თავდასხმა

ფრანკლინის კლუბის იუბილეზე შაქარაშვილმა ორკები მოგვიქსია – თოფურია

ფორმულა

ფრანკლინის კლუბის დამფუძნებლის, რეზი თოფურიას თქმით, ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, ანტიდასავლური მოძრაობის ლიდერი, ვატო შაქარაშვილი და მისი "თანამოაზრეები" ფრანკლინის კლუბის იუბილესთან დაკავშირებულ კონფერენციაზე ბანერებით მივიდნენ.

"ფრანკლინის კლუბის ორი წლის იუბილეს აღვნიშნავთ დღეს და ვატო შაქარაშვილმა ორკები მოგვიქსია პლაკატებით "არა ლგბტ პროპაგანდას" და "არა რევოლუციას". - წერს რეზი თოფურია.

მანამდე, შაქარაშვილმა ორკებს მობილიზაციისკენ რამდენიმე საათით ადრე თავის Facebook პოსტში მოუწოდა. მისი მტკიცებით, ფრანკლინის კლუბის წარმომადგენლობა "ანტიქართულ და ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევა".

"12 საათზე იწყება "ზეიმი" წერეთლის გამზირზე მდებარე "კოკა-კოლას" ეზოში.

გიორგი ვაშაძე, ზურაბ ჯაფარიძე, გიგა ბოკერია, ნინო ლომჯარია და თუ კი ვინმე ამ ქვეყნის მტერი და აგენტია, ყველა იქ აპირებს თავშეყრას…

ჩვენც მივალთ და კიდევ ერთხელ ვეტყვით არას - LGBT პროპაგანდას, ქართული იდენტობის წინააღმდეგ ბრძოლას; ქვეყნის არევას; ახალგაზრდების გამოყენებას რევოლუციური სცენარებისთვის იმ ყველაფერს, რასაც ერთად ახორციელებენ იუბილარი ფრანკლინის კლუბი და მასპინძელი ჭყონია!". - წერს შაქარიშვილი.

გუშინ, 17 ივნისს ინდივიდუალური თავისუფლების აკადემიის ბანაკს ორკები დაესხნენ თავს. მათთან ერთად იყო ანტიდასავლური მოძრაობის ლიდერი, ვატო შაქარაშვილიც. ორკები სასტუმროს საღებავებს, კვერცხებსა და ქვებს ესროდნენ, ემუქრებოდნენ ადგილზე მყოფ ახალგაზრდებს და გირჩი-მეტი თავისუფლების წევრებს.

პარტიაში ფიქრობენ, რომ ძალადობრივი ჯგუფის მიერ ბანაკზე თავდასხმა ქართული ოცნებისა და TV იმედის პროპაგანდასთან არის დაკავშირებული. 

გუშინ ასევე უცნობი პირი დაესხა თავს პარტია გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, მას დაზიანება აქვს თვალის არეში. მოგვიანებით, სამთავრობო მედია იმედმა გაავრცელა Facebook მომხმარებლის პოსტი, რომელიც წერს, რომ ჯაფარიძეს მან სცემა.

ასევე, 17 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად სტუდენტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

როგორც სტუდენტები ამბობენ, საპროტესტო ბანერების გაშლა სურდათ, როდესაც აუდიტორიიდან 20-მდე ადამიანი გამოვიდა და მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე სტუდენტი კიბიდან დააგორეს.  

კომენტარები