დანიელ ელსბერგი

დანიელ ელსბერგი, რომელმაც "პენტაგონის დოკუმენტები" გაავრცელა, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა

დანიელ ელსბერგი ჟურნალისტებთან ინტერვიუსას. ლოს-ანჯელესი, 2009 წლის 23 სექტემბერი
AP Photo / Nick Ut, File  

სამხედრო ანალიტიკოსი, დანიელ ელსბერგი, რომელმაც ვიეტნამის ომის შესახებ "პენტაგონის დოკუმენტები" გაავრცელა, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა

მისი ოჯახის თქმით, ელსბერგი, რომელსაც მიმდინარე წლის თებერვალში პანკრეასის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, საკუთარ სახლში კენსინგტონში, კალიფორნიაში გარდაიცვალა.

7 000 გვერდის მქონე პენტაგონის დოკუმენტები მოიცავდა 1945-1967 წლებში ვიეტნამის ომში აშშ-ს პოლიტიკის შესახებ ცნობებს. მისი გაჟონვის შედეგად კი საჯაროდ გახდა ცნობილი იმის შესახებ, რომ აშშ-ს პრეზიდენტები ომში დამარცხების შესახებ ინფორმაციას ფლობდნენ. 

პენტაგონის დოკუმენტების გასაჯაროებას აჟიოტაჟი მოჰყვა 1971 წელს, როდესაც ის გამოქვეყნდა ჯერ New York Times-ის, შემდეგ კი Washington Post-ისა და სხვა გაზეთებში. ეს მოხდა მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის ადმინისტრაცია ცდილობდა დოკუმენტების გამოქვეყნების დაბლოკვას, თუმცა, უზენაესმა სასამართლომ ნიქსონის ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ელსბერგის წინააღმდეგ ჯაშუშობის ბრალდება საბოლოოდ გაუქმდა. 

ჰენრი კისინჯერი, რომელიც ამ დროს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი იყო, ელსბერგზე ამბობდა, რომ "ყველაზე საშიშ კაცი იყო ამერიკაში, რომელიც ნებისმიერ ფასად უნდა შეეჩერებინათ".

ათწლეულების განმავლობაში ელსბერგი იყო მთავრობის მხრიდან ძალის გადამეტებისა და სამხედრო ინტერვენციების კრიტიკოსი.

2003 წელს ელსბერგმა გამოაქვეყნა წიგნი "საიდუმლოებები: მოგონებები ვიეტნამისა და პენტაგონის დოკუმენტების შესახებ", რომელშიც ამბობდა, რომ საიგონში, ვიეტნამში ორწლიანი მივლინების ფარგლებში ერთი კვირის გატარების შემდეგ მიხვდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ვერ შეძლებდა ვიეტნამის ომში გამარჯვების მოპოვებას.

კომენტარები