დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

აზერბაიჯანი: სომხეთმა აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს ცეცხლი ჩვენს სუვერენულ ტერიტორიაზე გაუხსნა

აზერბაიჯანის ხელისუფლება ლაჩინისა და ზანგილანის რაიონებში სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ცეცხლის გახსნის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ლაჩინის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, ჰაკარის ხიდზე ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის სასაზღვრო დაცვის სამხედრო პირებს, როდესაც ისინი "თავიანთ სუვერენულ ტერიტორიაზე აზერბაიჯანის დროშას აღმართავდნენ".

როგორც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი აცხადებს, ჰაკარის ხიდი აზერბაიჯანმა საკუთარ ტერიტორიაზე ააგო და დროშაც მათ ტერიტორიაზე აღიმართა.

"გუშინ, ლაჩინის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ცეცსლი გაუხსნეს სასაზღვრო დაცვის თანამშრომლებს, როდესაც აზერბაიჯანის დროშა მის სუვერენულ ტერიტორიაზე, ჰაკარის ხიდზე აღიმართა. ეს ხიდი აზრბაიჯანმა ახლახან ააგო. სომხეთის მტკიცება, რომ მათ ტერიტორიაზე აზერბაიჯანის დროშა აღიმართა, უსაფუძვლოა". - წერია განცხადებაში.

ამავდროულად, აზერბაიჯანული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ მესაზღვრეებს ცეცლი გაუხსნეს ზანგილანის რაიონშიც, შემდეგ კი მათ წინააღმდეგ გამოიყენეს ნაღმმტყორცნები და სხვა იარაღები. საპასუხოდ კი აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა გაანადგურეს ის პოსტები, საიდანაც "სომეხი სამხედროების მიერ პროვოკაცია განხორციელდა".

პარალელურად სომხური მხარე აცხადებს, რომ ლაჩინის დერეფნის ბლოკადით აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხების ეთნიკური წმენდის პოლიტიკას აწარმოებს.

"თუ წინა თვეში, პროპაგანდისტული მიზნებით აზერბაიჯანი ლაჩინის დერეფანში უზრუნველყოფდა წვდომას წითელი ჯვრისა და რუსი მშვიდობისმყოფელების მეშვეობით. გუშინდელიდან მოყოლებული, ეს წვდომაც აღარ არის და მთიანი ყარაბაღისთვის აუცილებელი საკვების მიწოდებაც კი გაჩერდა. მთიან ყარაბაღს გარე სამყაროდან საკვები აღარ მიეწოდება და მოქალაქეებს, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, არ ეძლევათ ლაჩინის დერეფანში გავლის საშუალება. ეს ქმედებები კიდევ ერთხელ ამყარებს ჩვენს შიშს, რომ აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში ეთნიკური წმენდის პოლიტიკას მიმართავს. [...] და როგორ ხდება ეთნიკური წმენდა? მთიანი ყარაბაღის სომხებს შეუწყდათ საკვების მიწოდება, გაზი, ელექტროენერგია. სროლის სამიზნე არიან ფერმერები, რომლებიც ახორციელებენ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს. გადაადგილების შესაძლებლობა იბლოკება კრიტიკულად დაავადებულ პაციენტებისთვისაც კი". – ამბობს სომხეთის პრეზიდენტი, ნიკოლ ფაშინიანი.

ამავდროულად, სომხეთის პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ ყველაფრის მიუხედავად, აზერბაიჯანთან მშვიდობიანი მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს.

"ამავდროულად, როგორი რთულიც არ უნდა იყოს, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა აზერბაიჯანთან ურთიერთობის ნორმალიზების მიმართულებით და მშვიდობის დამყარების მცდელობა უნდა გაგრძელდეს. ჩვენ ამ მიმართულებით თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ". – აღნიშნა ფაშინიანმა.


22 მაისს სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთი მზადაა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა ყარაბაღთან ერთად აღიაროს.

86 600 და 29 800 კვადრატული კილომეტრი – ეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებია. აქამდე, აპრილის შუა რიცხვებში ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთი აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებდა და ამავეს ელოდა ბაქოსგან.

ფაშინიანმა ამას გარდა აღნიშნა, რომ საჭიროდ თვლის ყარაბაღში გაიგზავნოს ფაქტების დამდგენი საერთაშორისო მისია.

ბრიუსელში გამართულ მოლაპარაკებებამდე, გასულ დღეებში სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ახალი შეტაკებები მოხდა. 

ბოლო პერიოდში ბაქოსა და ერევანს შორის დაძაბულობა იზრდება. 23 აპრილს აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფნის გზაზე, რომელიც სომხეთსა და თვითგამოცხადებულ არცახის რესპუბლიკას ერთმანეთთან აკავშირებს, საკონტროლო გამშვები პუნქტი გახსნა. ამასთან დაკავშირებით აშშ-მ შეშფოთება გამოთქვა.

დაძაბულობა არც აშშ-ში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გამართულმა მოლაპარაკებებმა განმუხტა.

ვრცლად მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებულ ბოლოდროინდელ მზარდ დაძაბულობასა და ბაქო-ერევნის სადერეფნო დავაზე წაიკითხეთ სტატიაში – სადერეფნო ომი – სომხეთ-აზერბაიჯანის დაძაბულობა გრძელდება

25 მაისს კი სომხეთის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთამენეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ მან მოსკოვში ევრაზიის ეკონომიკური სამიტის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

ფაშინიანის მსგავსი განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმაც. მისი თქმით, მშვიდობიანი შეთანხმების პერსპექტივა რეალურია.

კომენტარები