სომხეთის პრეზიდენტის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ლაჩინის დერეფნის ბლოკადით აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხების ეთნიკური წმენდის პოლიტიკას აწარმოებს.
"თუ წინა თვეში, პროპაგანდისტული მიზნებით აზერბაიჯანი ლაჩინის დერეფანში უზრუნველყოფდა წვდომას წითელი ჯვრისა და რუსი მშვიდობისმყოფელების მეშვეობით. გუშინდელიდან მოყოლებული, ეს წვდომაც აღარ არის და მთიანი ყარაბაღისთვის აუცილებელი საკვების მიწოდებაც კი გაჩერდა. მთიან ყარაბაღს გარე სამყაროდან საკვები აღარ მიეწოდება და მოქალაქეებს, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, არ ეძლევათ ლაჩინის დერეფანში გავლის საშუალება. ეს ქმედებები კიდევ ერთხელ ამყარებს ჩვენს შიშს, რომ აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში ეთნიკური წმენდის პოლიტიკას მიმართავს. [...] და როგორ ხდება ეთნიკური წმენდა? მთიანი ყარაბაღის სომხებს შეუწყდათ საკვების მიწოდება, გაზი, ელექტროენერგია. სროლის სამიზნე არიან ფერმერები, რომლებიც ახორციელებენ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს. გადაადგილების შესაძლებლობა იბლოკება კრიტიკულად დაავადებულ პაციენტებისთვისაც კი". – ამბობს ფაშინიანი.
ფაშინიანის თქმით, საჭიროა მთიან ყარაბაღში არსებული ვითარების შესახებ საერთაშორისო დონეზე ცნობიერების ამაღლება და ის უნდა იყოს მიმართული არა მხოლოდ მთავრობებისა და ორგანიზაციების, არამედ საზოგადოებების მიმართაც.
"ჩვენი ძალისხმევა ამ მიმართულებით არ უნდა შემცირდეს". – ამბობს ფაშინიანი.
ასევე, სომხეთის პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ ყველაფრის მიუხედავად, აზერბაიჯანთან მშვიდობიანი მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს.
"ამავდროულად, როგორი რთულიც არ უნდა იყოს, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა აზერბაიჯანთან ურთიერთობის ნორმალიზების მიმართულებით და მშვიდობის დამყარების მცდელობა უნდა გაგრძელდეს. ჩვენ ამ მიმართულებით თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ". – აღნიშნა ფაშინიანმა.
22 მაისს სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთი მზადაა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა ყარაბაღთან ერთად აღიაროს.
86 600 და 29 800 კვადრატული კილომეტრი – ეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებია. აქამდე, აპრილის შუა რიცხვებში ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთი აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებდა და ამავეს ელოდა ბაქოსგან.
ფაშინიანმა ამას გარდა აღნიშნა, რომ საჭიროდ თვლის ყარაბაღში გაიგზავნოს ფაქტების დამდგენი საერთაშორისო მისია.
ბრიუსელში გამართულ მოლაპარაკებებამდე, გასულ დღეებში სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ახალი შეტაკებები მოხდა.
ბოლო პერიოდში ბაქოსა და ერევანს შორის დაძაბულობა იზრდება. 23 აპრილს აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფნის გზაზე, რომელიც სომხეთსა და თვითგამოცხადებულ არცახის რესპუბლიკას ერთმანეთთან აკავშირებს, საკონტროლო გამშვები პუნქტი გახსნა. ამასთან დაკავშირებით აშშ-მ შეშფოთება გამოთქვა.
დაძაბულობა არც აშშ-ში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გამართულმა მოლაპარაკებებმა განმუხტა.
ვრცლად მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებულ ბოლოდროინდელ მზარდ დაძაბულობასა და ბაქო-ერევნის სადერეფნო დავაზე წაიკითხეთ სტატიაში – სადერეფნო ომი – სომხეთ-აზერბაიჯანის დაძაბულობა გრძელდება.
25 მაისს კი სომხეთის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთამენეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ მან მოსკოვში ევრაზიის ეკონომიკური სამიტის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
ფაშინიანის მსგავსი განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმაც. მისი თქმით, მშვიდობიანი შეთანხმების პერსპექტივა რეალურია.