აშშ-ჩინეთი

აშშ-მა უნდა შეწყვიტოს ჩინეთის საქმეებში ჩარევა – ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ჩინეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ცინ კანგი
REUTERS/Thomas Peter

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ცინ განგის თქმით, მან 13 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბრისას ბლინკენს მოუწოდა, შეწყვიტოს ვაშინგტონმა ჩინეთის საქმეებში ჩარევა

ცინ განგი იმედოვნებს, რომ აშშ შეძლებს ჩინეთთან კომპრომისული გზის გამოძებნას, რათა ეფექტიანად მართონ განსხვავებები და ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის კომუნიკაციასა და თანამშრომლობას.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-მა პატივი უნდა სცეს ჩინეთის მთავარ შეშფოთებას - ტაივანის საკითხს. იგი ასევე იმედოვნებს, რომ ჩინეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები დასტაბილურდება.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია ბლინკენის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია, თუმცა, გასულ კვირას გამოცემა Reuters-თან ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურობის პირობით აღნიშნა, რომ ბლინკენი პეკინში 18 ივნისს ჩავა. ვიზიტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 

თებერვალში ბლინკენმა პეკინში დაგეგმილი მოგზაურობა გააუქმა. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჩინეთში მოგზაურობა მას შემდეგ გადადო, რაც ამერიკის საჰაერო სივრცეში ჩინეთის სათვალთვალო ბუშტი აღმოაჩინეს. მოგზაურობა 5-6 თებერვალს იყო დაგეგმილი.

კომენტარები