რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთისთვის ჩამორთმეულ თვითმფრინავს კანადა უკრაინას გადასცემს

AN-124-ის ტიპის ტვითმფრინავი
Ukrainska Pravda

კანადის პრემიერმინისტრის, ჯასტინ ტრუდოს მტკიცებით, კანადა უკრაინას გადასცემს An-124-ის ტიპის რუსულ თვითმფრინავს, რომელიც კანადამ რუსეთს გასულ წელს ტორონტოს აეროპორტში ჩამოართვა. ამის შესახებ მან შაბათს კიევში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"დღეს, ჩვენ მიერ მიღებული კანონმდებლობით, ვახდენთ ამ თვითმფრინავის კონფისკაციას, რომელიც რუსეთის საკუთრებაში იყო და ვიწყებთ ამ აქტივის უკრაინისთვის გადაცემის პროცესს, რათა ის აღარასოდეს გამოიყენოს რუსეთმა ომის მხარდასაჭერად". – თქვა ტრუდომ.

აღსანიშნავია, რომ აქამდე კანადამ ასევე შემოიღო მექანიზმი, რომელიც რუსეთის ფედერაციის აქტივების უკრაინისთვის გადაცემას გულისხმობს. ამასთან, კანადაში გასული წლის ივნისში მიიღეს ცვლილებები სპეციალური ეკონომიკური ზომების აქტში, რამაც შესაძლებელი გახადა რუსული აქტივების ჩამორთმევა და მათი უკრაინის სასარგებლოდ გამოყენება.

გარდა ამისა, კიევში ვიზიტისას ტრუდომ ასევე თქვა, რომ კანადა მიიღებს მონაწილეობას უკრაინელი მფრინავების მომზადებაში. ამასთანავე, ვიზიტის ფარგლებში ცნობილი გახდა, რომ კანადა უკრაინას $500 მილიონის მოცულობის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს.

კომენტარები