2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში

ვფიქრობ, ამ ქვეყანაში სამართლის ერთი და იგივე სტანდარტები უნდა მოქმედებდეს – დესანტისი

ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი და მაშინ პრეზიდენტი ტრამპი მართავენ მრგვალ მაგიდას COVID-ისა და ქარიშხლისთვის მზადყოფნისთვის ბელერში, ფლორიდა, 2020 წელს
Photo: Saul Loeb/AFP via Getty Images

ფლორიდის გუბერნატორი და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის მთავარი კონკურენტი, რონ დესანტისი აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის ბრალის წარდგენას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, აღნიშნული შემთხვევა მოწმობს, რომ ტრამპთან მიმართებაში შერჩევითი სამართალი მოქმედებს. 

"ვფიქრობ, ამ ქვეყანაში სამართლის ერთი და იგივე სტანდარტები უნდა მოქმედებდეს". - აღნიშნა დესანტისმა. ფლორიდის გუბერნატორმა ჩრდილოეთ კაროლინაში პარტიის ყრილობაზე სამთავრობო უწყებების იარაღად გამოყენება დაგმო. თუმცა დესანტისს გამოსვლისას ტრამპის სახელი პირდაპირ არ უხსენებია. 

პრეზიდენტობის კანდიდატმა აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის შემთხვევაც გაიხსენა, რომელსაც ტრამპის მსგავსად საიდუმლო ინფორმაციასთან მიმართებაში დარღვევებზე ედავებოდნენ. კერძოდ, სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით მიმოწერაში პირადი ელექტრონული ფოსტის გამოყენებაში ადანაშაულებდნენ. 

"დემოკრატი სახელმწიფო მდივნისა და ყოფილი რესპუბლიკელი პრეზიდენტის მიმართ სხვადასხვა [სამართლებრივი] სტანდარტია? არ შეიძლება ერთი ფრაქცია ძალაუფლებას იარაღად იყენებდეს იმ ფრაქციების მიმართ, რომლებიც არ მოსწონს. ჩვენ სწორედ ეს დავინახეთ". - აღნიშნა დესანტისმა. 


აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების მითვისებისა და უკანონოდ შენახვის საქმეზე ბრალი წარუდგინეს. ვრცელდება ფედერალური პროკურატურის 49-გვერდიანი ოქმი, რომელშიც ტრამპის ბრალდებების სრული ჩამონათვალია მოცემული. 

ოქმის თანახმად, ტრამპს 37-მდე დარღვევაში ედება ბრალი. მათგან 31 ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის განზრახ უკანონოდ შენახვას ეხება. საიდუმლო დოკუმენტების განზრახ მითვისების გარდა, გამოკვეთილია მართლმსაჯულების შეფერხების მიზნით, დოკუმენტების გადამალვის, ფედერალური გამოძიებისთვის დოკუმენტის განზრახ არ გამჟღავნების ბრალდებებიც. 

საქმე ეხება FBI-ის მიერ დონალდ ტრამპის ფლორიდის რეზიდენციაში ასობით საიდუმლო დოკუმენტის აღმოჩენას. 2022 წელს ტრამპის თანაშემწეებმა მთავრობას 222 კლასიფიცირებული დოკუმენტი გადასცეს. თუმცა, ტრამპის ფლორიდაში მდებარე რეზიდენციის ჩხრეკის დროს, FBI-მ დამატებით 103 საიდუმლო დოკუმენტი, მათ შორის, 18 "სრულად საიდუმლოდ" კლასიფიცირებული დოკუმენტი ამოიღო.

გასაჯაროებული ოქმიდან ირკვევა, რომ ტრამპის მიერ უკანონოდ შენახული დოკუმენტები შეიცავდა ინფორმაციას ისეთ საკითხებზე როგორებიცაა, აშშ-სა და სხვა ქვეყნების სადაზვერვო მონაცემები, თავდაცვისა და იარაღის შესაძლებლობების, მათ შორის ბირთვული შეიარაღების შესახებ ანგარიშები, თავდასხმის შემთხვევაში, მობილიზაციის გეგმები.

ოქმის თანახმად, იკვეთება დოკუმენტებთან მიმართებაში  ტრამპის უდიერი დამოკიდებულება. ისინი ყოფილი პრეზიდენტის ფლორიდის რეზიდენციაში შეუსაბამო ადგილებში იყო მიმოფანტული, როგორებიცაა სამეჯლისო ოთახი, აბაზანა, საძინებელი, საწყობი და საოფისე სივრცე.

კომენტარები