ქართული ოცნება

ზარქუა: პირადად მე სალომე ზურაბიშვილი არ მიყვარს, მაგრამ პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივს ვცემ

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, მისი პარტიის პოლიტიკური საბჭოს განცხადებას გამოეხმურა, რომელიც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატურის წარდგენას ეხება. ზარქუას თქმით, პირადად მას სალომე ზურაბიშვილი არ უყვარს, თუმცა, პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივს სცემს. 

"ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ყველა ინსტიტუციას პატივი ვცეთ, მათ შორის, პრეზიდენტის ინსტიტუტს. იმიტომ კი არა, რომ სალომე ძალიან გვიყვარს. არა, პირადად მე არ მიყვარს, მაგრამ, უბრალოდ პატივს ვცემ პრეზიდენტის ინსტიტუტს [...] მერამდენედ ვეჩეხებით, რომ ის თითქოს საბოტაჟს უქმნის ჩვენს ქვეყანას, საკუთარ სახელმწიფოს, რომლის პრეზიდენტიც არის [...] ვეუბნებით, რომ კანდიდატი წარმოადგინოს, ამას არ აკეთებს. ბოლოს შეთანხმება იყო, რომ ჩვენ პრეზიდენტის ვეტო არ უნდა დაგვეძლია და ის კანდიდატურებს წარმოადგენდა. ესეც დაარღვია [...] შემდეგ სასესიო კვირაში ჩვენ პრეზიდენტის ვეტოს გადავლახავთ და არავის მივცემთ საშუალებას, რომ ეროვნულ ბანკს საბოტაჟი მოუწყოს. ისევე, როგორც დანარჩენ ინსტიტუციებს". - თქვა ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ეროვნული ბანკის "მიზანმიმართულად ეროვნული ბანკის ჯეროვანი საქმიანობის დაბრკოლებაში" ადანაშაულებს. მმართველი პარტიის განცხადებით, ზურაბიშვილი მზად იყო, ეროვნული საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარედგინა, რითაც ბანკის პრეზიდენტის დანიშვნაც შესაძლებელი გახდებოდა, თუმცა, ზურაბიშვილმა შეთანხმება დაარღვია. "საბჭოს წევრების არჩევის საკითხზე პრეზიდენტთან ბოლო კომუნიკაცია მმართველი გუნდის ინიციატივით გუშინ შედგა, თუმცა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ის პარლამენტს არცერთ კანდიდატურას არ წარუდგენს". - ნათქვამია ოცნების განცხადებაში.

ქართული ოცნება აცხადებს, რომ ასეთ პირობებში, საქართველოს პარლამენტს მოუწევს ვეტოს დაძლევა და საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შესატანი იმ ცვლილებების საბოლოოდ მიღება, რომლის მიზანი ეროვნული ბანკის შეუფერხებელი საქმიანობის უზრუნველყოფა იყო. ვეტოს დაძლევის პროცედურას საქართველოს პარლამენტი მომდევნო სასესიო კვირაში დაასრულებს.

"მმართველი გუნდი ვერ დაუშვებს ინსტიტუციურ კრიზისს ვერცერთ სახელმწიფო ინსტიტუტში და იზრუნებს თითოეული კონსტიტუციური ორგანოს გამართულ ფუნქციონირებაზე. ეს არის მმართველი გუნდის პასუხისმგებლობა ჩვენი სახელმწიფოსა და ქართველი ამომრჩევლის წინაშე". – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები