რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მიშელი კახოვკის კაშხლის აფეთქებაზე: რუსეთი და მისი მარიონეტები პასუხს აგებენ

Frederick Florin/AFP/Getty Images

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი რუსი ოკუპანტების მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას გამოეხმაურა. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნული ქმედებას ომის დანაშაული უწოდა.

"შოკირებული ვარ ნოვა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე უპრეცენდენტო თავდასხმით. სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება აშკარად წარმოადგენს ომის დანაშაულს - რუსეთი და მისი მარიონეტები პასუხს აგებენ". – წერს შარლ მიშელი. 

რუსეთი კაშხლის აფეთქებას უკრაინას აბრალებს. არსებობს მიმდებარე რაიონების, განსაკუთრებით მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროს დატბორვის საფრთხე. 

უკვე გავრცელდა კადრები, რომლებშიც რამდენიმე დატბორილი დასახლება ჩანს.

ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, ოლექსანდრ პროკუდინის თქმით, ადგენენ, რომელი რაიონებია დატბორვის საფრთხის პირისპირ. მობილიზებულია პოლიცია და გადაუდებელ ვითარებათა სამსახური. მისივე თქმით, სახიფათო რაიონებიდან ადგილობრივების ევაკუაცია დაიწყო.

გავრცელებული კადრებიდან ერთ-ერთი გადაღებულია დნეპრის მარცხენა სანაპიროდან, რომელიც ოკუპირებულია. ვიდეოს ავტორი ამბობს, რომ არ ყოფილა სარაკეტო იერიში. კიდევ ერთ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს წყალქვეშა აფეთქება.

კახოვკის კაშხალი მნიშვნელოვანი ობიექტია ოკუპირებული ყირიმის წყალმომარაგებისთვისაც. წყლის რეზერვუარი მნიშვნელოვანია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებადი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მომარაგებისთვისაც.

კომენტარები