უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობისა და ხერსონის სამხედრო ადმინოსტრაციის მეთაურის, ოლექსანდრ პროკუდინის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, რომლებშიც ჩანს თუ როგორ გადმოედინება წყალი კაშხლიდან.
რუსეთი კაშხლის აფეთქებას უკრაინას აბრალებს.
არსებობს მიმდებარე რაიონების, განსაკუთრებით მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროს დატბორვის საფრთხე.
უკვე გავრცელდა კადრები, რომლებშიც რამდენიმე დატბორილი დასახლება ჩანს.
პროკუდინის თქმით, ადგენენ, რომელი რაიონებია დატბორვის საფრთხის პირისპირ. მობილიზებულია პოლიცია და გადაუდებელ ვითარებათა სამსახური. მისივე თქმით, სახიფათო რაიონებიდან ადგილობრივების ევაკუაცია დაიწყო.
გავრცელებული კადრებიდან ერთ-ერთი გადაღებულია დნეპრის მარცხენა სანაპიროდან, რომელიც ოკუპირებულია. ვიდეოს ავტორი ამბობს, რომ არ ყოფილა სარაკეტო იერიში. კიდევ ერთ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს წყალქვეშა აფეთქება.
კახოვკის კაშხალი მნიშვნელოვანი ობიექტია ოკუპირებული ყირიმის წყალმომარაგებისთვისაც. წყლის რეზერვუარი მნიშვნელოვანია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებადი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მომარაგებისთვისაც.