რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ტერორისტები ვერ შეძლებენ, შეაჩერონ უკრაინა წყლით, რაკეტებითა თუ სხვა ხერხებით

რუსი ოკუპანტების მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება.  

"რუსი ტერორისტები კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადურებით მხოლოდ უდასტურებენ მთელ მსოფლიოს, რომ ისინი უკრაინის მიწის ყველა ნაწილიდან უნდა განიდევნონ. მათ ერთი მეტრი მიწაც არ უნდა დარჩეთ, რადგან ისინი ყველა მეტრს ტერორისთვის იყენებენ. მხოლოდ უკრაინის გამარჯვება დააბრუნებს უსაფრთხოებას. ამ გამარჯვებას მივაღწევთ. ტერორისტები ვერ შეძლებენ, შეაჩერონ უკრაინა წყლით, რაკეტებითა თუ ნებისმიერი სხვა გზით.  

[კახოვკაში] ყველა სამსახური მუშაობს. მე მოვიწვიე ეროვნული უშიშროების საბჭო. გთხოვთ, მხოლოდ ოფიციალური გადამოწმებული ინფორმაცია გაავრცელოთ". - წერს ის. 

რუსეთი კაშხლის აფეთქებას უკრაინას აბრალებს. არსებობს მიმდებარე რაიონების, განსაკუთრებით მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროს დატბორვის საფრთხე. 

უკვე გავრცელდა კადრები, რომლებშიც რამდენიმე დატბორილი დასახლება ჩანს.

ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, ოლექსანდრ პროკუდინის თქმით, ადგენენ, რომელი რაიონებია დატბორვის საფრთხის პირისპირ. მობილიზებულია პოლიცია და გადაუდებელ ვითარებათა სამსახური. მისივე თქმით, სახიფათო რაიონებიდან ადგილობრივების ევაკუაცია დაიწყო.

გავრცელებული კადრებიდან ერთ-ერთი გადაღებულია დნეპრის მარცხენა სანაპიროდან, რომელიც ოკუპირებულია. ვიდეოს ავტორი ამბობს, რომ არ ყოფილა სარაკეტო იერიში. კიდევ ერთ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს წყალქვეშა აფეთქება. 

კახოვკის კაშხალი მნიშვნელოვანი ობიექტია ოკუპირებული ყირიმის წყალმომარაგებისთვისაც. წყლის რეზერვუარი მნიშვნელოვანია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებადი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მომარაგებისთვისაც.

კომენტარები