კადიროვთან კავშირში მყოფი ჩეჩნები საქართველოში

მათი საბოგინო გახდება ქვეყანა, თუ ეს კურსი დემოკრატიულად არ დავამარცხეთ – ბოკერია ჩეჩნებზე

გიგა ბოკერია

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებით,  კადიროველების შემოშვება კარგად აღწერს იმ რეჟიმს, რომელიც ახლა ქვეყანაშია. მისი თქმით, ივანიშვილის რეჟიმის კურსის პერსპექტივა  საყურადღებოა და მისი დემოკრატიულად დამარცხება უნდა მოხდეს.

"კადიროვთან დაკავშირებული პირების, კადიროველების შემოშვება უბრალოდ კიდევ ერთი დასტურია იმისი თუ რა ტიპის რეჟიმი გვაქვს. ძალიან სიმბოლურია და სიმბოლურთან ერთად მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ პერსპექტივა, აი, ამ კურსის, რაც ივანიშვილის რეჟიმს აქვს, არის სწორედ კადიროვის მმართველობა საქართველოში. რას ნიშნავს პუტინის რუსეთის გავლენა, ამას აჩვენებს ის ჯოჯოხეთი, რასაც კადიროვი უწყობს თავისივე მოქალაქეებს ჩრდილოეთ კავკასიაში და რაც დაღესტანში ხდება - სისხლისღვრა, მოტაცებები, მკვლელობები. აი, მაგათი საბოგინო უნდა გახდეს ქვეყანა თუ ეს კურსი არ დავამარცხეთ დემოკრატიულად, რასაც ივანიშვილის რეჟიმი წარმოადგენს".- თქვა გიგა ბოკერიამ. 

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტო და ვიდეომასალა, რომლის მიხედვითაც საქართველოში სავარაუდოდ იმყოფებოდა ჩეჩენი ბიზნესმენი ასლანბეკ ახმეტხანოვი და მისი წრე.

თავდაპირველად გავრცელებულ კადრებში ჩანდა რამდენიმე მანქანა. ფოტო-ვიდეომასალა, სავარაუდოდ, გადაღებული იყო ბათუმში, გასული თვის ბოლოს. ერთ-ერთი ავტომობილის ნომერი იყო с777се77. როგორც შემდეგში სოციალური ქსელების მომხმარებლებმა გაარკვიეს, ეს მანქანა სავარაუდოდ ასლანბეკ ახმეტხანოვს ეკუთვნოდაა.

ერთ-ერთმა მომხმარებელმა ასევე გაავრცელა ვიდეო, რომელიც თბილისის ქუჩებშია გადაღებული და ჩანს თავად ასლანბეკ ახმეტხანოვი და მისი ესკორტი. როგორც ვიდეოს ავტორი წერდა, კადრებში ასახული პირები 26 მაისს შეამჩნია.

 

 

კომენტარები