საქართველო-უკრაინა

პრემიერი: ხშირად ზელენსკის განცხადებები სრულ თანხვედრაშია ქვეყანაში მოქმედ მტრულ ძალებთან

ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა პრეზიდენტი ზელენსკი დაესწრო ამ შეხვედრას. მე ისევ მინდა, ერთი რამ გავიმეორო - მე ძალიან განვიცდი იმის გამო, რაც ხდება უკრაინაში. ათასობით ადამიანი იღუპება ყოველდღე, ნადგურდება ინფრასტრუქტურა, ქალაქები და ა.შ. ბავშვები, ქალები, მოხუცები დაზარალდნენ და ზარალდებიან ამ ბრუტალური, სასტიკი ომით.  

მე ერთი რამ მინდა, კიდევ ერთხელ ვუსურვო ომში მყოფ ქვეყანას - მშვიდობა, ამ ომის მალე დასრულება და ქვეყნის გამთლიანება. 

რაც შეეხება ზელენსკის განცხადებას, მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს ქვეყანა ომშია და მე არ მინდა, გარკვეული სპეკულირების საშუალება და საფუძველი მივცე სხვა ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნე ადამიანებს, მათ შორის, ასევე დავამატებდი, რომ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ხშირად ზელენსკის და მისი მთავრობის განცხადებები სრულ თანხვედრაში არის ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებთან. მე ვგულისხმობ დესტრუქციულ ოპოზიციას, რომელიც არაფერს არ აკეთებს თუნდაც ევროინტეგრაციის გზაზე - რომ გაიმარჯვოს ჩვენმა ქვეყანამ, რომ მიიღოს სტატუსი. ეს იქნებოდა ჩემი კომენტარი. 

პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას. "ჩვენ ვხედავთ, რაც ხდება ბელარუსში. ეს ძალიან პრობლემურია. ვხედავთ, რა ხდება საქართველოში. ვხედავთ, ეს ერები როგორ სტრესში არიან, როგორ ხდება მათი ჩათრევა ამ განუკითხაობაში" - თქვა ზელენსკიმ. 

კომენტარები